ვინ დაიკავებს საპარლამენტო თანამდებობებს მეათე მოწვევის პარლამენტში
მეათე მოწვევის პარლამენტი დღეს, პირველ სხდომაზე საპარლამენტო თანამდებობების პირებს აირჩევს.
პირველ სხდომაზე საკითხების განხილვის პროცედურები განსაზღვრულია რეგლამენტით. პროცედურით, საკანონმდებლო ორგანო თავდაპირველად აირჩევს – პარლამენტის თავმჯდომარეს, მის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს. შემდეგ კი, მოხდება საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეების არჩევა.
მეათე მოწვევის საპარლამენტო თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატურები „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ დაასახელა.
კერძოდ, როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პარლამენტის მომავალი თავმჯდომარედ დასახელდა არჩილ თალაკვაძე, პირველი მოადგილე იქნება გიორგი ვოლსკი, მოადგილეები კი, კახა კუჭავა და დავით სერგეენკო.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი იქნება ირაკლი კობახიძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე – მამუკა მდინარაძე.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ წარდგენილია ანრი ოხანაშვილი; ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ – მიხეილ სარჯველაძე; თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ – ირაკლი ბერაია; საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ – ირაკლი ქადაგიშვილი; რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ – სოზარ სუბარი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ – ირაკლი კოვზანაძე; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარედ – დავით სონღულაშვილი; აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ – ნინო წილოსანი; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ – მაია ბითაძე;
რაც შეეხება საგარეო პოლიტიკურ ბლოკს – საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე იქნება ნიკოლოზ სამხარაძე, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – მაკა ბოჭორიშვილი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ბექა ოდიშარია.
სოციალური ბლოკიდან, ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იქნება დიმიტრი ხუნდაძე, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე – თეა წულუკიანი, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე – მიხეილ ყაველაშვილი.