არჩილ თალაკვაძე - ჩვენ მიერ გატარებული საკონსტიტუციო რეფორმის შედეგია, რომ  მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე საქართველო სრულად პროპორციულ სისტემაზე გადადის
არჩილ თალაკვაძე - ჩვენ მიერ გატარებული საკონსტიტუციო რეფორმის შედეგია, რომ  მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე საქართველო სრულად პროპორციულ სისტემაზე გადადის

პარლამენტის თავმჯდომარემ მეათე მოწვევის პარლამენტის ბიუროს პირველი სხდომა გახსნა.

მან ახალარჩეულ დეპუტატებს მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ამასთან, არჩილ თალაკვაძემ მეცხრე მოწვევის პარლამენტის მიერ გატარებულ საკანონმდებლო რეფორმებზე ისაუბრა.

„პარლამენტის ბიურო პირველ სხდომას მართავს. გილოცავთ თითოეულ თქვენგანს მნიშვნელოვან პოზიციებზე არჩევას და წარმატებას გისურვებთ თქვენს საქმიანობაში. მოგეხსენებათ, საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტში ჩვენ გავატარეთ ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები, მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები და შევცვალეთ საარჩევნო სისტემაც. შედეგად, საქართველომ ჩაატარა საპარლამენტო არჩევნები, არსებითად პროპორციული სისტემით, რომელიც ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ შეაფასა, როგორც კონკურენტული და აღნიშნა, რომ ის ჩატარდა ფუნდამენტური უფლებების დაცვით.

ჩვენ მიერ გატარებული საკონსტიტუციო რეფორმის შედეგია ისიც, რომ საქართველო მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე უკვე სრულად პროპორციულ სისტემაზე გადადის, რაც 90-ანი წლების შემდეგ ყველა დროის, ყველა პოლიტიკური თაობისათვის იყო სასურველი, თუმცა ვერც ერთმა წინა ხელისუფლებამ ამ რეფორმის გატარება ვერ შეძლო. საზოგადოების მხარდაჭერით და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, ეს გავაკეთეთ ჩვენ, „ქართულმა ოცნებამ“.

მსურს, მადლობა გადავუხადო თითოეულ თანამოქალაქეს. მიუხედავად გაკეთებული არჩევანისა, ეს ყველა თქვენგანის პარლამენტია. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს მხარდამჭერებს, რომლებსაც ეკუთვნით არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.