პარლამენტში დღეს კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეებს აირჩევენ
პარლამენტში დღეს კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეებს აირჩევენ

საქართველოს პარლამენტში დღეს კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეებს აირჩევენ. თავმჯდომარეების მოადგილეების არჩევა ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. კომიტეტების სხდომებზე ასევე იქნება განხილული კომიტეტების დებულებები.

„14 და 15 დეკემბერს პარლამენტში გაიმართება კომიტეტის სხდომები. 15-ივე კომიტეტში ჩატარდება სხდომა. განხილული იქნება ამ კომიტეტების დებულებები და აგრეთვე, არჩეულნი იქნებიან თავმჯდომარეების მოადგილეები, პირველი მოადგილე და ერთი მოადგილე. აგრეთვე, რა თქმა უნდა, დატოვებულია მოადგილის კვოტით გამოყოფილი ადგილი ოპოზიციისთვის. ძირითადად, ეს ორი დღე მოხმარდება იმას, რომ მოხდეს დებულების შემუშავება და მოადგილეების არჩევა, რათა კომიტეტებმა შეძლონ მუშაობის სრულყოფილად გაგრძელება“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.

კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეების არჩევის შემდეგ, პარლამენტი 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას მიუბრუნდება. ბიუჯეტის პროექტის განხილვა წინა მოწვევის პარლამენტმა დაიწყო. დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტი უკვე საკანონმდებლო ორგანოშია. ბიუჯეტის დამტკიცება დეკემბრის ბოლომდე მოხდება.

რაც შეეხება მთავრობის ფორმირებას, სარჯველაძის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ მიმდინარე კვირაში გააკეთებს განაცხადს პრემიერ-მინისტრისა და ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირების შესახებ.

„როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე პრემიერ-მინისტრი იხსნის უფლებამოსილებას და ორი კვირის ვადაში უნდა შემოვიდეს ახალი მთავრობის ფორმირებაზე განაცხადი. ამ განაცხადის გაკეთების უფლება კონსტიტუციურად აქვს ყველაზე მეტი ხმის მქონე პოლიტიკურ პარტიას და ფრაქციას. „ქართული ოცნება“ მომავალ კვირაში გააკეთებს განაცხადს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის ფორმირების შესახებ. ბიუჯეტი უკვე შემოსულია პარლამენტში და დეკემბრის განმავლობაში მოხდება ბიუჯეტის გარშემო მუშაობა, როგორც კი კომიტეტები თავის სამუშაო მდგომარეობაში მოვლენ, ამ ორი დღის განმავლობაში გააგრძელებენ ბიუჯეტის შესწავლას და ბიუჯეტის განხილვას“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.