VEON-ის ხელმძღვანელი - ჩვენთვის, როგორც ინდუსტრიული მოთამაშეებისთვის, ძალიან დიდი სტიმულია საქართველოში მიმდინარე რეფორმები
VEON-ის ხელმძღვანელი - ჩვენთვის, როგორც ინდუსტრიული მოთამაშეებისთვის, ძალიან დიდი სტიმულია საქართველოში მიმდინარე რეფორმები

ჩვენთვის, როგორც ინდუსტრიული მოთამაშეებისთვის, ძალიან დიდი სტიმულია საქართველოში მიმდინარე რეფორმები, ასევე, პრემიერ-მინისტრისა და მისი მთავრობის მიერ ბოლო წლებში გატარებული რეფორმების ხარისხი, – ამის შესახებ მსხვილი კომპანია VEON-ის ხელმძღვანელმა ჟან-ივ შარლიემ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე – Strategic outlook: Eurasia განაცხადა.

შარლიე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლის იმ ნაწილს გამოეხმაურა, რომელშიც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ კორუფცია ვერ განიხილება ცალკე მდგარ გამოწვევად სხვა გამოწვევათა რიგში და საუბარია რეფორმების სრულ კომპლექსზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ განახორციელა, მათ შორის ეკონომიკის ღიაობის, სავაჭრო ბარიერების გაუქმების, საზღვრის გადაკვეთის პროცედურების მუდმივი გაუმჯობესებისას და საფუძვლიანი შიდა რეფორმების მიმართულებით.

VEON-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის აღნიშნულ განცხადებას სრულად ეთანხმება.

„დღეს ჩვენ ნათლად ვხედავთ იმ სიმარტივეს, რომელიც ახასიათებს საერთაშორისო ინვესტორების მიერ ბიზნესის წარმოებას საქართველოში. ვხედავთ, რომ, ზოგადად, რეგიონშიც მიმდინარეობს სულ უფრო აქტიური რეფორმები ამ მხრივ. ჩემი აზრით, კორუფციის საკითხი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ამ კონტექსტში, სადაც უნდა იყოს ნულოვანი ტოლერანტობა, როგორც ეს ნაგულისხმევია ჩვენს პოლიტიკაში. და ჩვენთვის ნათელია საქართველოს წინსვლა ამ მიმართულებით. ასე რომ, მხოლოდ დავადასტურებ ყველაფერს, რაც პრემიერ-მინისტრმა უკვე თქვა”, – განაცხადა ჟან-ივ შარლიემ.