ილია დარჩიაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან ერთად მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დასკვნით ნაწილში
ილია დარჩიაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან ერთად მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დასკვნით ნაწილში

გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი შვეიცარიაში, კერძოდ, დავოსში, სადაც იმართება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი. ერთი მხრივ, პრემიერ-მინისტრი მართავს შეხვედრებს მსოფლიო ლიდერებთან, ხოლო მეორე მხრივ, შეხვედრები არის სხვადასხვა მსხვილ საერთაშორისო კომპანიებთან, რომლებიც დაინტერესებულები არიან ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო კლიმატითა და გარემოთი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა დავოსში განაცხადა.

მისივე თქმით, პარალელურად, პრემიერი მონაწილეობს მნიშვნელოვან დისკუსიებში, რომლებიც იმართება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში.

„პარალელურად, პრემიერი იღებს მონაწილეობას მნიშვნელოვან დისკუსიებში, რომლებიც იმართება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში. დისკუსიები, რომლებშიც უკვე მიიღო პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა, ეს იყო ლიდერების არაფორმალური ლანჩი, სადაც განხილული იქნა გლობალური თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები, სადაც ლიდერები საუბრობდნენ, თუ როგორ გაუმკლავდნენ, ერთი მხრივ, გამოწვევებს, რომლებიც არსებობს მსოფლიოში და, მეორე მხრივ, როგორ მოხდეს მაქსიმალური კოორდინაცია და თანამშრომლობა, რათა ქვეყნებმა ერთი მიმართულებით, სწორი პრიორიტეტების მიხედვით იხელმძღვანელონ.

მეორე დისკუსია, რომელიც გაიმართა ასევე ლიდერების მონაწილეობით და საქართველოს წარმოადგენდა პრემიერ-მინისტრი, შეეხებოდა ახალი ენერგორეალობის საკითხს და მნიშვნელობას. როგორც იცით, დღეს ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი საკითხი და ლიდერები ამ მიმართულებით საუბრობდნენ, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნების მაქსიმალურად მჭიდრო კომუნიკაცია, რათა ახალ გარემოში ძალიან აქტიურად ითანამშრომლონ ქვეყნებმა, ენერგორესურსების ეფექტურად დივერსიფიკაციისა და მაქსიმალური გადანაწილებისთვის ქვეყნებს შორის“,- აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მთავრობის მეთაური, სხვა ლიდერებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დასკვნით ნაწილში, ყველაზე მნიშვნელოვან დისკუსიაში.

„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დასკვნით ნაწილში, ყველაზე მნიშვნელოვან დისკუსიაში, რომელშიც მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას, განიხილება საკითხი, თუ როგორ გადაიქცა ევრაზიის შუა კორიდორი ბილიკიდან გზატკეცილამდე. აღნიშნულ დისკუსიაში ასევე მონაწილეობას იღებენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი და ევროკომისარი იოჰანეს ჰანი, ხოლო დისკუსიას მოდელირებას გაუწევს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელი დირექტორი მირეკ დუშეკი. დისკუსიების მთავარი მიზანია, რომ დავანახოთ მსოფლიოს ის პოტენციალი, რომელიც აქვს ჩვენს რეგიონს და თუ რა როლის შეტანა შეუძლია ჩვენს ქვეყანას, ჩვენს რეგიონს იმისთვის, რომ კიდევ უფრო განმტკიცდეს ევროპის ენერგოუსაფრთხოება და რომ კიდევ უფრო მეტად მოხდეს დივერსიფიცირება იმ ენერგორესურსების, რომლებიც მიეწოდება ევროპას,“- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.