ვენდი მორტონი - ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლს და დესტაბილიზაციისკენ მიმართულ მოქმედებას იმ ქვეყნებში, რომელთაც საფრთხედ აღიქვამს
ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ კონტროლს და დესტაბილიზაციისკენ მიმართულ მოქმედებას იმ ქვეყნებში, რომელთაც ის საფრთხედ აღიქვამს, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა ევროპული სამეზობლოსა და ამერიკის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს მინისტრმა, ვენდი მორტონმა განაცხადა.
მორტონი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს ეწვია.
„დღეს ვიმყოფები აქ, ადმინისტრაციულ ე.წ. სასაზღვრო ხაზზე, რომელიც 2008 წლიდან ყოფს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონისგან, იმისთვის, რომ ჩემი თვალით მენახა ის რეალობა, თუ რას წარმოადგენს აქ აღმართული მავთულხლართები და რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნა ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
ამ 12-წლიან კონფლიქტს ძალიან დიდი ადამიანური საზღაური მოჰყვა. ამან გამოიწვია ოჯახების დაყოფა. ადამიანებს მოუწიათ რუსეთის თვითნებური მმართველობის ქვეშ გაღვიძება, თავის მიწებსა და სალოცავებთან წვდომის გარეშე.
გაერთიანებული სამეფო კვლავ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას. ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ ეფექტურ კონტროლს და დესტაბილიზაციისკენ მიმართულ მოქმედებას იმ ქვეყნებში, რომელთაც ის საფრთხედ აღიქვამს“,- განაცხადა გაერთიანებული სამეფოს მინისტრმა.