ანალენა ბერბოკი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში იმყოფებოდა
ანალენა ბერბოკი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში იმყოფებოდა

საქართველოში ვიზიტით მყოფი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სოფელ ოძისში იმყოფებოდა.

აღნიშნულის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა პრესრელიზს ავრცელებს.

„საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, დიმიტრიოს კარაბალისმა დღეს ოძისში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ვიზიტისას უმასპინძლა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანალენა ბერბოკს. ოძისის გადაკვეთის პუნქტზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მინისტრს ინფორმაცია მიაწოდა რაიონში უსაფრთხოების კუთხით განვითარებული უკანასკნელი მოვლენების შესახებ. მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმას, რა უარყოფით გავლენას ახდენს „ბორდერიზაციის“ მიმდინარე ქმედებები და ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ რეგულარული მოძრაობისთვის ოძისის გადაკვეთის პუნქტის ხანგრძლივი დაკეტვა ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე.

კარაბალისმა განმარტა, რომ მისია მხარს უჭერს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვების მოხსნას აღდგომის დამდეგ სადღესასწაულო პერიოდთან დაკავშირებით და განაგრძობს სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არსებული გადაკვეთის პუნქტების მუდმივად ფუნქციონირების აღდგენის მხარდაჭერას.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება გამოხატა ინფორმაციის მიწოდებისთვის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ საქართველოსა და უფრო ფართო რეგიონში სტაბილურობაში შეტანილი წვლილისთვის. გერმანიას ამჟამად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ყველაზე დიდი წარმომადგენლობა ჰყავს, მისიაში მომუშავე გერმანიის 28 მოქალაქის სახით“, – ნათქვამია პრესრელიზში.