ვატო წერეთელი - მამაჩემი რომ დავიხსნა, გირაოს სახით შეიძლება, „ტვ პირველის“ შენობა ჩაიდოს, რადგან ჩვენ ბიზნესი აღარ გვაქვს
გირაოს სახით შეიძლება, „ტვ პირველის“ შენობა ჩაიდოს, რომ მამაჩემი დავიხსნა. ჩვენ ბიზნესი აღარ გვაქვს, – ამის შესახებ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის შვილმა, „ტვ პირველის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ (ვატო) წერეთელმა განაცხადა.
თბილისის საქალაქო სასამართლო აღკვეთის ღონისძიების სახით ავთანდილ წერეთლისთვის 500 000 ლარის გირაოს შეფარდებას მოითხოვს.
„სამწუხაროდ, ჩემი ოჯახი აქტიურ ბიზნესში აღარ არის. ყველაზე ცუდი, რაც ხდება, გირაოს სახით შეიძლება, მოხდეს „ტვ პირველის“ შენობის ჩადება, რომ დავიხსნა მამაჩემი, რადგან ჩვენ ბიზნესი აღარ გვაქვს. თუ მოგვიწევს „ტვ პირველის“ შენობის ჩადება, ვულოცავ პროკურატურას და სახელმწიფოს“, – განაცხადა ვატო წერეთელმა.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დღეს ავთანდილ წერეთლისთვის ნახევარმილიონიანი გირაოსა და საზღვრის დატოვებაზე შეზღუდვების დაწესება მოითხოვა. პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, თანხის ოდენობა პროკურატურამ განსაზღვრა ავთანდილ წერეთელის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით.
ავთანდილ წერეთელს ბრალი 22 აგვისტოს ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის ფარგლებში წარედგინა. იმის გამო, რომ ავთანდილ წერეთელი საქართველოში არ იმყოფებოდა, ბრალის დადგენილება მის ადვოკატს გადაეცა. ბრალდება წარდგენილია მის მიერ 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).