ვატიკანში საქართველოს ელჩი ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი - ივერიის ღვთისმშობლის ხატის სტელა ბინას დაიდებს ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელთანაც საქართველო საერთო ღირებულებებს იზიარებს
ვატიკანში საქართველოს ელჩი ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი - ივერიის ღვთისმშობლის ხატის სტელა ბინას დაიდებს ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელთანაც საქართველო საერთო ღირებულებებს იზიარებს

ივერიის ღვთისმშობლის ხატის სტელა იდგმება ვატიკანის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით გამორჩეულ და ხელმისაწვდომ ადგილას, – ამის შესახებ ვატიკანში საქართველოს ელჩმა, ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონმა ვატიკანის წმინდა მიწაზე ქართული მოზაიკური ფრესკის აღმართვასთან დაკავშირებით განაცხადა.

ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონის თქმით, სასიხარულო ფაქტია, რომ უძველესი ისტორიის ნაწილი ბინას დაიდებს იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელთანაც საქართველო საერთო იდეებსა და ღირებულებებს იზიარებს.

„მოხარული ვართ, რომ შედგა შეთანხმება პროექტზე, რომელზეც დიდი ხანი მიმდინარეობდა მუშაობა ვატიკანთან, საქართველოს ეკლესიასა და, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობასთან ერთად. ეს მოზაიკა, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმით, რომ მასზე გამოსახულია ივერიის ღვთისმშობლის, საქართველოს მფარველი ხატი. როგორც ყველა უძველესი ხატი, ესეც სასწაულმოქმედია. ჩვენ შევთხოვთ ივერიის ღვთისმშობელს, დაიცვას ჩვენი სამშობლო, წმინდა საყდარი, ქრისტიანული სამყარო და მთელი მსოფლიო. დღეს ჩვენი ქვეყნისთვის და ყველასთვის განსაკუთრებულ პერიოდში ღვთისმშობლის შემწეობა და მფარველობა ყველას სჭირდება, ყველა ლოცულობს ღვთისმშობლის წინაშე და ეს ძალიან კარგია. ივერიის ღვთისმშობლის ხატის სტელა იდგმება ვატიკანის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით გამორჩეულ და ხელმისაწვდომ ადგილას. ეს არის შედეგი იმ ძმური სიყვარულისა და მეგობრული ურთიერთობისა, რაც ერთმანეთის მიმართ აქვთ მის უწმინდესობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და რომის პაპს. ეს მრავალჯერ გამოუხატავთ და დაუდასტურებიათ. პაპი ფრანცისკე ყოველთვის ხაზგასმით ამბობს, რომ ხშირად უსმენს პატრიარქის მიერ შექმნილ მუსიკას, რადგან დიდ შვებას ჰგვრის, განსაკუთრებით, რთული მომენტების შემდეგ. მართლაც სასიხარულო ფაქტია, რომ ჩვენი ისტორიის, უძველესი ისტორიის ნაწილი დაიდებს ბინას ასევე უძველესი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, იმ ქვეყნისა, რომელთანაც საქართველო საერთო იდეებსა და ღირებულებებს იზიარებს“, – განაცხადა ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონმა.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს საელჩო მრავალი წლის განმავლობაში წმინდა საყდართან აქტიურად მუშაობდა ვატიკანის ტერიტორიაზე ქართული მოზაიკის განთავსების საკითხზე. ამ თემაზე ინტენსიური მუშაობა განახლდა 2022 წლიდან, ილია დარჩიაშვილის პირადი ჩართულობით. საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის საბოლოო გადაწყვეტილებით, რომელსაც თავად პატრიარქი ხელმძღვანელობს, მოზაიკურ პანოზე ივერიის ღვთისმშობლის გამოსახვა გადაწყდა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღვთისმშობლის ძეგლები/მოზაიკები განლაგებულია ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოს ჩრდილოეთ ბასტიონის კედლებზე. ადგილი საკმაოდ ლამაზია, მაგრამ იქ აშკარად ცოტა დამთვალიერებელი ხვდება. საქართველოსთვის გამოყოფილი ადგილი, საქართველოს ელჩის პაპისადმი პირადი თხოვნის და მისი მხრიდან ქართველი ხალხისა და პატრიარქის ძმური სიყვარულის გამო, ძალიან თვალსაჩინო, პრესტიჟულ ადგილზეა. ამ ისტორიული მნიშვნელობის მქონე მომენტის აღსანიშნავად დაგეგმილია ღონისძიებები:

27 ნოემბერს, 19.00 საათზე ვატიკანის საკუთრებაში არსებულ, აღორძინების ეპოქის სასახლეში, სადაც დღესაც განთავსებულია სამოციქულო სასამართლო, იგეგმება ღონისძიება ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკის განთავსების აღსანიშნავად. ბრამანტეს მიერ დაპროექტებული უნიკალურ „პალაცო დელა კანჩელერიაში“, უდიდესი იტალიელი მხატვრის ჯორჯო ვაზარის მიერ მოხატულ დარბაზში გაიმართება მოკლე კონცერტი „სუხიშვილების“ მცირე შემადგენლობით. საზეიმო მიღებას დაესწრებიან ვატიკანში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, რომის კურიის, მალტის ორდენისა და რომის ქართული დიასპორის წარმომადგენლები. ღონისძიებას დაესწრება და სიტყვით გამოვა ვატიკანის სახელმწიფო მდივანი, კარდინალი პიეტრო პაროლინი. ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, პროტოპრესვიტერი მამა გიორგი ზვიადაძე და საქართველოს ელჩი ვატიკანში ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი.

28 ნოემბერს 12.00 საათზე გაიმართება მოზაიკის ინაუგურაციის ოფიციალური ცერემონია, რომელსაც გახსნის კარდინალი ფერნანდო ვერჯეს ალძაგა, ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოს მმართველი. სიტყვით გამოვლენ, ასევე მინისტრი, და საპატრიარქოს წარმომადგენელი. მისალმების ცერემონიის დასასრულს საპატრიარქოს დელეგაცია აკურთხებს მოზაიკას ქართული გალობის ფონზე. დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს საქართველოს ელჩი ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი.