ვატიკანის სახელმწიფო მდივანი, კარდინალი პიეტრო პაროლონი - ვატიკანის ტერიტორიაზე ღვთისმშობლის ხატის სტელას გახსნა დიდ წვლილს შეიტანს წმინდა საყდრისა და საქართველოს დაახლოებაში
ვატიკანის სახელმწიფო მდივანი, კარდინალი პიეტრო პაროლონი - ვატიკანის ტერიტორიაზე ღვთისმშობლის ხატის სტელას გახსნა დიდ წვლილს შეიტანს წმინდა საყდრისა და საქართველოს დაახლოებაში

ვატიკანის ტერიტორიაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სტელას გახსნა უდავოდ დიდ წვლილს შეიტანს წმინდა საყდრისა და საქართველოს კიდევ უფრო დაახლოებაში, – ამის შესახებ ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლონიმ განაცხადა.

პიეტრო პაროლონიმ, რომის პაპის სახელით, საქართველოს მთავრობასა და მის წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა.

„ხვალ ვატიკანის ტერიტორიაზე, ვატიკანის ბაღებში საზეიმოდ გაიხსნება ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკა, რომელიც არის საქართველოს მთავრობის საჩუქარი რომის პაპ ფრანცისკესადმი. რომის პაპის სახელით, მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას და მის წარმომადგენელს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ასეთი ძვირფასი საჩუქრისთვის. ძვირფასი არა მხოლოდ მხატვრული, არამედ სულიერი თვალსაზრისით, რადგან ღვთისმშობელი და იესო ქრისტე ჩვენ, ყველას გვაერთიანებს. სარწმუნოება ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო საქართველოში, ამდენად, შეიძლება დარწმუნებით აღვნიშნოთ, რომ ქრისტიანული რწმენა ქართველი ხალხის დნმ-ის განუყოფელი ნაწილია და ფუნდამენტური როლი აქვს მისი იდენტურობის განსაზღვრაში. ვატიკანის ტერიტორიაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სტელას გახსნა უდავოდ დიდ წვლილს შეიტანს წმინდა საყდრისა და საქართველოს კიდევ უფრო დაახლოებაში. შევთხოვთ ღვთისმშობელს ქართველი ხალხის მფარველობას და შემწეობას ყველა გამოწვევის, სირთულის დაძლევაში, მთელ კავკასიის რეგიონში სტაბილურობის, პროგრესისა და მშვიდობის განმტკიცებაში“, – განაცხადა პიეტრო პაროლონიმ.

ამასთან, კარდინალმა პიეტრო პაროლონიმ მადლობა გადაუხადა ვატიკანში საქართველოს ელჩს, ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონს, რომელიც დიპლომატიურ მისიას ასრულებს.

„დღეს ასევე შეკრებილი ვართ, რათა დავემშვიდობოთ წმინდა საყდართან საქართველოს ელჩს, ბატონიშვილ ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონს, რომელიც ასრულებს დიპლომატიურ მისიას წმინდა საყდართან. ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ იგი ამ თანამდებობაზე იმყოფებოდა ჯერ 2005 წლიდან 2014 წლამდე, შემდეგ 2019 წლიდან დღემდე. მართებული იქნება, მადლიერება და კმაყოფილება გამოვხატოთ მის მიერ გაწეული საქმიანობისადმი, რომელიც ყოველთვის მიმართული იყო წმინდა საყდარსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაძლიერების, გაღრმავებისკენ. მისი მოღვაწეობის ყველა მნიშვნელოვანი მომენტის ჩამოთვლა გამიჭირდება. პირადად ჩემთვის დაუვიწყარია საქართველოსთვის ძალიან ტრაგიკული პერიოდის, 2008 წლის ომის დროს მჭიდრო თანამშრომლობა და ინტენსიური კონტაქტები, მაშინ სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივნის მოადგილე ვიყავი, ასევე, 2019 წელს თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში ვიზიტები. ქალბატონი ელჩი, ასევე, აქტიურად უწევდა ორგანიზებას სხვადასხვა დონის შეხვედრებსა თუ ვიზიტებს, როგორიცაა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ვატიკანში 2021 წლის 18 ივნისს, რომლის დროსაც ხელი მოეწერა საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის თანამშრომლობის ორ მემორანდუმს კულტურისა და მეცნიერების სფეროში.

ქეთევან ბაგრატიონმა დიდი წვლილი შეიტანა წმინდა საყდარსა და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის თანამშრომლობის გაძლიერებაში. წმ. საყდარსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით, გასული წლის 26 ივნისს სიქსტის კაპელაში გაიმართა წმინდა სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდის კონცერტი, რომელმაც თითოეული ჩვნგანის აღფრთოვანება, მოწონება დაიმსახურა. ვისურვებდი, რომ როგორი ჰარმონიული და ძლიერი ემოციების გამომწვევიც იყო ამ გუნდის ხმათა შეთანხმება, ასეთივე ძლიერი ყოფილიყოს საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის ურთიერთობები. ეს გახლავთ აგრეთვე მშვიდობის, ჰარმონიული ურთიერთობების სურვილი, რაც დღეს ასე გვჭირდება. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ქეთევან ბაგრატიონს და წარმატებას ვუსურვებ ქართველ ხალხს“, – განაცხადა პიეტრო პაროლონიმ.