ვატიკანში აცხადებენ, რომ რომის პაპი ინტერვიუში არა უკრაინის კაპიტულაციას, არამედ ცეცხლის შეწყვეტასა და მოლაპარაკებათა განახლებას გულისხმობდა
ვატიკანში აცხადებენ, რომ რომის პაპი ინტერვიუში არა უკრაინის კაპიტულაციას, არამედ ცეცხლის შეწყვეტასა და მოლაპარაკებათა განახლებას გულისხმობდა

რომის პაპის რეზონანსული ინტერვიუს შემდეგ ვატიკანში განმარტება გააკეთეს. ვატიკანში ამბობენ, რომ პაპი არა კაპიტულაციას, არამედ იმას გულისხმობდა, რომ ცეცხლი უნდა შეწყდეს და მოლაპარაკებები განახლდეს.

„პაპი იყენებს ტერმინს „თეთრი დროშა“ ინტერვიუერის საპასუხოდ, რაშიც ის გულისხმობდა ცეცხლის შეწყვეტის და მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობას. პაპმა მკაფიოდ თქვა, რომ მოლაპარაკებები არასდროს ნიშნავს დანებებას“, – ამბობს ვატიკანის პრესმდივანი მატეო ბრუნი.

რომის პაპის ინტერვიუს შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. ამ ინტერვიუში ჟურნალისტი პაპს ეკითხება: „უკრაინაში არიან ისეთებიც, რომლებიც გამბედავად დანებებისკენ მოუწოდებენ, „თეთრი დროშის“ აღმართვისკენ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ძლიერის ლეგიტიმაციას ახდენს, თქვენ რას ფიქრობთ?“ ამ შეკითხვაზე რომის პაპის პასუხი ასეთი იყო: „მე ვფიქრობ, რომ ძლიერი ისაა, ვინც აფასებს სიტუაციას, ვინც ფიქრობს ხალხზე, რომელსაც აქვს „თეთრი დროშის“ აღმართვის გამბედაობა, რომ აწარმოოს მოლაპარაკებები, დღეს ასეთი მოლაპარაკებების წარმოება შესაძლებელია საერთაშორისო ძალებით. სიტყვა მოლაპარაკებები გამბედავი სიტყვაა, როცა ხედავ, რომ დამარცხებული ხარ, რომ საქმე კარგად არ მიდის, შეგიძლია გქონდეს გამბედაობა და აწარმოო მოლაპარაკებები“, – თქვა რომის პაპმა ინტერვიუში.