კარდინალი პიეტრო პაროლინი - უკრაინაში ცეცხლი უნდა შეწყვიტონ აგრესორებმა და გახსნან მოლაპარაკების შესაძლებლობა
კარდინალი პიეტრო პაროლინი - უკრაინაში ცეცხლი უნდა შეწყვიტონ აგრესორებმა და გახსნან მოლაპარაკების შესაძლებლობა

ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინიმ რომის პაპის რეზონანსულ ინტერვიუსთან დაკავშირებით დამატებითი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ პირველი ნაბიჯი აგრესორმა ქვეყანამ უნდა გადადგას.

პაროლინს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, პაპმა რატომ მიმართა მხოლოდ ერთ მხარეს, უკრაინას, რომელიც თავად გახდა თავდასხმის მსხვერპლი.

„ამ თვალსაზრისით, აშკარაა, რომ ასეთი პირობების შექმნა დამოკიდებულია არა მხოლოდ ერთ მხარეზე, არამედ ორივეზე და, ჩემი აზრით, პირველი პირობა აგრესიის შეწყვეტაა“, – განაცხადა პაროლინიმ.

მისი თქმით, რომის პაპი ინტერვიუში მოლაპარაკებების წარმოების გამბედაობაზე საუბრობდა და ეს არ ნიშნავს მოწოდებას კაპიტულაციისკენ.

„წმინდა საყდარი იცავს ამ ხაზს და აგრძელებს მოწოდებას ზავისკენ. ცეცხლი აგრესორებმა უნდა შეწყვიტონ და გახსნან მოლაპარაკების შესაძლებლობა. წმინდა მამამ განმარტა, რომ მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა სისუსტე არ არის, არამედ ძალაა, ეს არ ნიშნავს დანებებას, არამედ ვაჟკაცობაზე მეტყველებს. მან გვითხრა, რომ ჩვენ უფრო მეტად უნდა დავაფასოთ ადამიანების სიცოცხლე“, – განაცხადა პიეტრო პაროლინიმ.

რომის პაპის ინტერვიუ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. აღნიშნულ ინტერვიუში ჟურნალისტი პაპს ეკითხება: „უკრაინაში არიან ისეთებიც, რომლებიც გამბედავად დანებებისკენ მოუწოდებენ, „თეთრი დროშის“ აღმართვისკენ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ძლიერის ლეგიტიმაციას ახდენს, თქვენ რას ფიქრობთ?“ ამ შეკითხვაზე რომის პაპის პასუხი ასეთი იყო: „მე ვფიქრობ, რომ ძლიერი ისაა, ვინც აფასებს სიტუაციას, ვინც ფიქრობს ხალხზე, ვისაც აქვს „თეთრი დროშის“ აღმართვის გამბედაობა, რომ აწარმოოს მოლაპარაკებები. დღეს ასეთი მოლაპარაკებების წარმოება შესაძლებელია საერთაშორისო ძალებით. სიტყვა მოლაპარაკებები გამბედავი სიტყვაა, როცა ხედავ, რომ დამარცხებული ხარ, რომ საქმე კარგად არ მიდის, შეგიძლია გქონდეს გამბედაობა და აწარმოო მოლაპარაკებები“.