ვატიკანი - შოკითა და მწუხარებით ვადევნებთ თვალს საშინელ ხანძარს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში
ვატიკანი შოკითა და მწუხარებით ადევნებს თვალს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარს და ლოცულობს მეხანძრეებისთვის, – შესაბამისი განცხადება წმინდა საყდარმა გაავრცელა.
„წმინდა საყდარი შოკითა და მწუხარებით ადევნებს თვალს ამბებს საშინელი ხანძრის შესახებ, რომელმაც გაანადგურა ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი, საფრანგეთისა და მსოფლიოს ქრისტიანობის სიმბოლო. ვატიკანი ლოცულობს მეხანძრეებისთვის და ყველასთვის, ვინც ამ დრამატულ სიტუაციასთან გასამკლავებლად ყველაფერს აკეთებს, რაც შესაძლებელია“, – ნათქვამია ვატიკანის განცხადებაში.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში უკვე რამდენიმე საათია, ხანძარია. ბოლო ინფორმაციით, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხანძარი ტაძარში არსებულ რელიკვიებს არ შეხებია.
პარიზის ღვითსმშობლის ტაძარი აშენებულია XII-XIV საუკუნეებში. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ის კუნძულ სიტეზე მდებარეობს, რომელსაც პარიზის ცენტრში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის. ტაძარში ინახება ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი რელიკვია – ქრისტეს ეკლის გვირგვინი. ასევე, ტაძარში წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ორღანი.