ვასილ მაღლაფერიძე - საქართველოს პირველი არხის ახალი პროექტის, „ჩვენი ქართული ენა“, მთავარი სამიზნე იქნებიან არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეები, რათა მათ საზოგადოებრივ, სახელმწიფო ცხოვრებაში სრულფასოვნად ჩართვა შეძლონ
ვასილ მაღლაფერიძე - საქართველოს პირველი არხის ახალი პროექტის, „ჩვენი ქართული ენა“, მთავარი სამიზნე იქნებიან არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეები, რათა მათ საზოგადოებრივ, სახელმწიფო ცხოვრებაში სრულფასოვნად ჩართვა შეძლონ

საქართველოს პირველი არხის ახალი პროექტის – „ჩვენი ქართული ენა“ მთავარი სამიზნე იქნებიან არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეები, რათა მათ ჩვენს საზოგადოებრივ და სახელმწიფო ცხოვრებაში სრულფასოვნად ჩართვა შეძლონ, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა.

როგორც მაღლაფერიძემ აღნიშნა, ამ პროექტით საქართველოს პირველი არხი იწყებს დიდ პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს, უახლოეს ხანებში დავძლიოთ პრობლემა, რაც სერიოზულ ტვირთად და გამოწვევას აწევს სახელმწიფოს.

„პროექტის – „ჩვენი ქართული ენის“ ფარგლებში უკვე იწყება ონლაინოლიმპიადა ახალგაზრდებისთვის, არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის. როცა ვამბობთ, რომ ვიწყებთ ასეთ პროექტს, ცხადია, მარტო საქართველოს პირველი არხი ვერ შეძლებს პრობლემის მოგვარებას, აქ კომპლექსური ღონისძიებებია საჭირო, თუმცა საქართველოს პირველი არხი გააკეთებს ყველაფერს, რათა მაქსიმალურად გადაიძლიოს პრობლემა. ახალი პროექტი იქნება შესაძლებლობა მათი ნიჭისა და ენერგიისთვის. ეს არის ძალიან დიდი რესურსი ქვეყნისთვის, რაც უფრო შეკრავს და გაამთლიანებს ჩვენს ქვეყანას“, – აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.

საქართველოს პირველი არხის ახალ პროექტში, „ჩვენი ქართული ენა“ ჩართვის მსურველების რეგისტრაცია მიმდინარეობს.

„ჩვენი ქართული ენა“ არის საქართველოს პირველი არხის პროექტი, რომელიც ქართული ენის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში, არაერთი აქტივობაა დაგეგმილი. არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეები ქართული ენის ონლაინოლიმპიადაში და სხვა აქტივობებში მიიღებენ მონაწილეობას.

პროექტის ერთ-ერთი ნაწილია საქართველოს რეგიონებში არაქართულენოვანი სკოლებისთვის ქართული ენის ონლაინოლიმპიადის ჩატარება. წელს პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება. ონლაინოლიმპიადაში მონაწილეობა არაქართულენოვანი სკოლების მეშვიდე კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ. პროექტის თითოეულ მონაწილეს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცემა, ხოლო სამი გამარჯვებული დაჯილდოვდება პრიზებით. ასევე, დაჯილდოვდებიან გამარჯვებული მოსწავლეების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებიც.

აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სკოლების მოსწავლეებისთვის ონლაინ ოლიმპიადისთვის რეგისტრაცია 11 მაისს დაიწყო. მონაწილეობის მსურველები სარეგისტრაციო ფორმის გასახსნელად გადადით ბმულზე.