ვასილ მაღლაფერიძე - პოლარიზაცია მოგონილი სიტყვა მგონია და როგორც ხშირად ხდება, ეს არის ბერკეტი, როგორ ჩავერიო სხვის საქმეში, როგორ ვასწავლო ჭკუა გაბრაზებული სახით
ვასილ მაღლაფერიძე - პოლარიზაცია მოგონილი სიტყვა მგონია და როგორც ხშირად ხდება, ეს არის ბერკეტი, როგორ ჩავერიო სხვის საქმეში, როგორ ვასწავლო ჭკუა გაბრაზებული სახით

პოლარიზაცია მოგონილი სიტყვა მგონია და, როგორც წესი, ხშირად ხდება, რომ ეს არის ბერკეტი, როგორ ჩავერიო სხვის საქმეში და როგორ ვასწავლო ჭკუა გაბრაზებული სახით, – ასე უპასუხა პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის კითხვას, რამდენად რეალისტურია პოლარიზაციის დასრულება. 

„სიტყვას მაგია აქვს. ვინც პოლარიზაციას იმეორებს, შეიძლება, იმან არ იცის, მაგრამ ვინც ეს მოიგონა, იმან იცის, რომ მერე დეპოლარიზაცია მოეგონებინა. პოლარიზაცია-დეპოლარიზაცია პოპულარული სიტყვები გახდა და ეს ორი სიტყვა პოლიტიკურ ფაქტორად იქცა. იმიტომ კი არა, რომ უცხო სიტყვების გამოყენებაზე მაქვს რამე პრეტენზია, რომ არ უნდა გამოვიყენოთ, ერთი ქართულად გადმოვიტანოთ, რას გულისხმობენ დეპოლარიზაციაში, როდესაც დეპოლარიზაციას მეუბნებიან. ამას მიანიჭეს უცხოური ჟღერადობა და შიგნითაც იმეორებენ, ზოგი შეგნებულად და ზოგი გაუაზრებლად. ფილმი ხომ გახსოვთ „სხვისი შვილები“, ბავშვი რომ ეუბნება მეორე ბავშვს, ვინ არის შენი სიმპათიურიო? არ იცოდა, რა იყო ეს სიტყვა და განერვიულდა. როცა პოლარიზაციას გვეუბნებიან, ესე იგი, რაღაც ჩემთან ისეთი ხდება, რაც არ უნდა ხდებოდეს და ჩქარა დეპოლარიზაცია თუ არ მოვახდინე, დავრჩები პოლარიზებული. იყო სიტყვა, მაგალითად, გაბუტვა. თუ ასე ვიტყვით, გაბუტული არიან, არ არის პრობლემა. მე ერთი კითხვა მაქვს, ჩვენთან რაც ხდება, იმის მეასედიც კი ხდება, რაც, მაგალითად, ჩვენ საყვარელ საფრანგეთში ან რაც ამერიკაში ხდება? დაპირისპირება განა არ არის, კამათიც არის და ტელევიზორშიც არის, მაგრამ ისე წარმოჩინდება, ვითომ ჩვენთან რაღაც განსაკუთრებული დაპირისპირებაა, რაც არსად არ არის და ახლა ამოცანაა, უცებ დეპოლარიზაცია იყოს. ვიღაცას ვიღაცა მოსწონს და ვიღაცას ვიღაც არ მოსწონს, ვიღაცას ქვევრზე სხვა ასოციაცია აქვს და ვიღაცას – სხვა. თუ იმას გულისხმობენ, რომ თხამ და მგელმა ერთად უნდა ძოვონ, ეს თეორია ამქვეყნად არ ხორციელდება, იმქვეყნად არის და ეს დეპოლარიზაცია ისეთი რამეა, ვერც ვერასდროს მოხდება, ხომ? ვიღაცასთან არ მინდა არც შერიგება და არც არაფერი, მაგრამ ამისთვის არსებობს კონსტიტუცია. მწვანეზე უნდა გავიარო ჩემი მანქანით და წითელზე უნდა გავჩერდე, ეს არის ნორმალური ერთობა. ვიღაც კი მეუბნება, არა, არა, შენ გინდა თუ არა, ვიღაცას უნდა შეურიგდე, თორემ ასე არ გამოვა ეს ამბავიო. ეს როგორ არის, იცით? ცუდ ხასიათზე რომ შემოდის ცუდი მასწავლებელი კლასში, ბავშვები ხომ ისედაც ცელქები არიან და ეუბნება – ბავშვებო, თქვენ ხართ ცელქები, შარი უნდა მოგდოთ და შაბათს მშობლებს დავიბარებო. ასე, ჩავალ ნებისმიერ ქვეყანაში და ვიტყვი, არა, თქვენთან ეს ამბავი არ გამოვა, ვიდრე პოლარიზებული იქნებით. სინამდვილეში, ჩვენთან ეს ვითარება უფრო რბილია და არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ბოლოს მოხდა რაღაცები, ბოთლის სროლა და ცუდი დაპირისპირება რომ იყო მაშინ, რაც არ არის ქართული ელემენტები, იმის მერე კი, პრაქტიკულად, არ მომხდარა ასეთი ამბები და ღმერთმა გვაშოროს ასეთი ხარისხი“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

მისი თქმით, საქართველოში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, „მივდივართ იქითკენ, რომ უნდა ჩატარდეს არჩევნები, რასაც თანდათან ვეჩვევით და არჩევნებზე დემოკრატიით როგორც გადაწყდება, ისე იქნება“.

„ამ ევროპასა და ამერიკაში როგორ ხდება, ეს ძალიან ცოტამ თუ იცის. აქ რომ გვიკვირს, ვაიმე, ამან იმას ეს უთხრაო, იქაც, ჩვეულებრივ, პოლიტიკური პოლემიკა მიდის, მერე არჩევნები ტარდება და იქ ირკვევა ყველაფერი, ხალხს ვინ რა ხარისხით მოსწონს. იქაც ჩვეულებრივი ამბავია პოლემიკა, სიტყვით უგებენ ერთმანეთს და ხანდახან ერთმანეთს წყალსაც ასხამენ, რაც ასევე ცუდია. აბა, ახლა ის ვთქვათ, გერმანიის პარლამენტში რა ამბები ხდება, თან, იცით, როგორ კარდინალურ საკითხზე? უკრაინასთან მიმართებაში. რისი დეპოლარიზაციაა? ასეთი რამ ხდება სლოვაკეთის, საფრანგეთის პარლამენტში და ა.შ. მოდით, ახლა ცოტა ხალისით ვთქვათ, ყველაფერს ტანჯვით ნუ შევხედავთ – ჩვენისთანა, რომ იტყვიან, გუგულივით და მურაბა ხალხი სხვაგან სად არის?! იქ, ევროპაში ერთმანეთს ეუბნებიან, შენ რუსეთის მხარეზე ხარო და ხალხი გამოდის და ამბობს, დიახ, მე რუსეთის მხარეზე ვარო, ჩვენთან კი ოპოზიციაც და უმრავლესობაც ამბობს, ჩვენ ევროპაში გვინდაო. უბრალოდ, ერთმანეთს ეუბნებიან, არა, მე უფრო მინდა, შენ უფრო არ გინდაო. რამეში პრინციპული განსხვავება არის? ხომ ერთსაც უნდა ევროპაში და მეორესაც? ახლა თავს ხომ არ მოვიტყუებთ, ძალაუფლება რომ მინდა, რაღაც შარი უნდა მოგდო, აბა, როგორ იქნება?“ – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.