ვასილ მაღლაფერიძე - ნებისმიერი ოპოზიციური პარტიისთვის გაცილებით მომგებიანი იქნებოდა იმის თქმა, რომ გარეჯის თემას მიჰყვება ბოლომდე, არჩევნების შემდეგაც
ვასილ მაღლაფერიძე - ნებისმიერი ოპოზიციური პარტიისთვის გაცილებით მომგებიანი იქნებოდა იმის თქმა, რომ გარეჯის თემას მიჰყვება ბოლომდე, არჩევნების შემდეგაც

ნებისმიერი ოპოზიციური პარტიისთვის გაცილებით მომგებიანი იქნებოდა იმის თქმა, რომ გარეჯის თემას მიჰყვება ბოლომდე, არჩევნების შემდეგაც, – ამის შესახებ ფილოლოგმა, ვასილ მაღლაფერიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, დავით გარეჯის თემაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არასდროს იყო საუბარი უდაბნოსა და ჩიჩხიტურის დათმობაზე, საუბარი იყო ბერთუბნის დაბრუნებაზე.

„80-იან წლებში, ცხადია, სტუდენტს არავინ შეგვეკითხებოდა, მაგრამ სულ მიდიოდა საუბარი, რომ ამა თუ იმ ფორმით საქართველო ცდილობდა, დაებრუნებინა ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული კერა – ბერთუბანი, იქ არის თამარის ფრესკა. სამწუხაროდ, ძალიან ბევრმა აღარც იცის მისი არსებობის შესახებ. უნივერსიტეტში იყო საუბარი, რომ საქართველო დათმობს რაღაც ტერიტორიას, საძოვარს, მაგრამ უდაბნოსა და ჩიჩხიტურის დათმობაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა. საუბარი იყო ბერთუბნის დაბრუნებაზე.

როგორც მოქალაქეს, უფრო მეტად გამიხარდებოდა, დღეს პარტიები იმას გვპირდებოდნენ, რომ გამარჯვების შემთხვევაში ამ რუკებს გამოიყენებენ. წინასწარ რომ წყალს გადამიწურავ და მეგობარ სახელმწიფოს ეუბნები, ეს რუკები არაფერი არისო, როგორც რიგით მოქალაქეს, კატეგორიულად არ მომწონს.

მეც მაქვს გარკვეული პოლიტიკური გამოცდილება. ახლა გაცილებით მომგებიანი იქნებოდა ნებისმიერი ოპოზიციური პარტიისთვის, რომ თქვას, თემას მივყვები ბოლომდე, არჩევნების შემდეგაც“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

მისივე თქმით, საზოგადოებაში ძალიან მაღალ რეგისტრშია სიძულვილი და მიუღებლობა.

„რაც არ უნდა გააკეთოს მოწინააღმდეგემ, ტერიტორიული მთლიანობაც რომ აღადგინოს, ყველაფერი მიუღებელია ჩემთვის,  მისგან არაფერი მინდა, ერთ მხარეს გადაწყვეტილი აქვს, რომ „ოცნება“ არის აბსოლუტური ბოროტება.  ძალიან არაშორსმჭვრეტელური დამოკიდებულება იყო, რომ როდესაც ეს რუკები გამოჩნდა, თითქმის ყველა პარტიამ აგდებით თქვა ამის შესახებ და ვერ გაზომეს, რომ ეს არ არის სამდღიანი, ოთხდღიანი ან ერთკვირიანი თემა და სულ გაგრძელდება. პარტიებმა შეიძლება ეს დაივიწყონ, საზოგადოებას კი არასდროს დაავიწყდება. ნებისმიერი ნათქვამი ადამიანის გონებრივი შესაძლებლობიდან გამომდინარეობს. მე ვფიქრობ, რომ გარეჯთან დაკავშირებით პირველ ეტაპზე არ იყო სწორი გამონათქვამები და გადაწყვეტილებები, ვერ შეფასდა, რომ ეს არის შანსი. ყოფილ თანამდებობის პირებს ძალიან მძიმე განცხადებები აქვთ გაკეთებული ისე, რომ ამის უკან ხელმოწერილი არაფერი იყო, მაგრამ აზერბაიჯანის მხარე ამას ისმენდა, პირდაპირ იყო ნათქვამი პრეზიდენტისგან, მინისტრის მოადგილისგან და მინისტრისგან, რომ ეს არის აზერბაიჯანის ტერიტორია. ეს მათ ცნობიერებაშიც ილექება, ამიტომ იდგა იქ ჯარისკაციც. იოლი არ იქნება ამის გადარწმუნება. მე მიმიღია ასეთ კომისიებში მონაწილეობა, ძალიან რთული თემაა, როცა შენიანივე გექაჩება ღუზას და გეუბნება, რომ ეს რუკა უვარგისია. ისტორიაში ძალიან ხშირად ხდება, რომ ადამიანები ან ერები სხვა ტერიტორიებისკენ იწევდნენ და ასაბუთებდნენ. ძალიან იშვითად ხდება, ვინმე ასაბუთებდეს, რომ ეს ჩემი ტერიტორია არ არის. საუბარია 3 500 ჰექტარზე. ჩვენს პატარა ქვეყანაში, შაგრენის ტყავივით რომ დნება, პარტიები ვალდებული არიან, ამას ანგარიში გაუწიონ. პოლიტიკური პარტიებისთვის კი არ უჩუქებია ეს ქვეყანა ვინმეს, ჯერჯერობით კანდიდატები არიან, მთავარანგელოზებად არ არიან არჩეულები. არც ისეა საქმე, რომ ერის მოძღვრები არიან და მათი ნათქვამი კანონი უნდა იყოს, თუმცა აქვთ ასეთი განცდა. ძირითადი, რის მიმართაც  ვალდებული არიან, ეს არის კონსტიტუცია, ეს არის ტერიტორია“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.