ვასილ მაღლაფერიძე - კანონის უზენაესობის პრინციპის დამკვიდრება დღეს შედის როგორც ცალკეული მოქალაქეების, ისე პოლიტიკური ჯგუფებისა და მთელი საზოგადოების სასიცოცხლო ინტერესებში
ვასილ მაღლაფერიძე - კანონის უზენაესობის პრინციპის დამკვიდრება დღეს შედის როგორც ცალკეული მოქალაქეების, ისე პოლიტიკური ჯგუფებისა და მთელი საზოგადოების სასიცოცხლო ინტერესებში

თუ დავაკვირდებით, საქართველოში ბოლო დღეებში არსებითად იმაზე ვკამათობთ, ყოველთვის უნდა დავემორჩილოთ კანონს, თუ შეგვიძლია, თავს უფლება მივცეთ და სხვადასხვა საბაბით კანონის დაცვაზე უარი ვთქვათ ხოლმე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, კამათში ძირითადად პოლიტიკაში დასაქმებული ადამიანები მონაწილეობენ, თუმცა, ამ კამათის შედეგი თითოეულ მოქალაქეს შეეხება.

„ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რა ფონზე მიდის ეს კამათი.

რეალობას თუ თვალს გავუსწორებთ, საქართველო მხოლოდ პოლიტიკურად კი არ არის გაყოფილი (ამას ეშველებოდა), არამედ გაყოფილია კულტურულად, მსოფლმხედველობრივად, ეთნოფსიქოლოგიურად და საერთოდ ყველანაირად.

განვსხვავდებით წარსულისა და მომავლის აღქმით, ცხოვრების წესით, ღირებულებებით, შეხედულებებით, გემოვნებით და თითქმის არაფერი გვაერთიანებს – არაფერი ერთმანეთის სიძულვილის გარდა.

კი, თითქოს ერთ ენაზე ვსაუბრობთ, ცალკე აღებული სიტყვების მნიშვნელობაც გვესმის, მაგრამ ერთმანეთის მიერ წარმოთქმული წინადადებებიდან შინაარსი და აზრი ვერ გამოგვაქვს – რაც ერთ მხარეს სიკეთედ მიაჩნია, მეორესთვის ბოროტებაა და – პირიქით. ერთი მხარის ცხოვრების წესი და მსოფლაღქმა გამორიცხავს მეორისას და ამის შედეგია, რომ ერთმანეთს მტრად და საფრთხედ აღვიქვამთ და ერთმანეთის საქართველოში ცხოვრებას ტრაგედიად მივიჩნევთ.

არც ერთმანეთის შეცვლა და გადასხვაფერება გამოგვივა – ქართველების ახალ ადამიანებად ძალდატანებით გადაკეთების ექსპერიმენტი ერთხელ უკვე ჩავარდა და არც მომავალში გამოვა მაგ საქმიდან რამე.

ასეთი ვითარება გვაქვს ქვეყანაში – სახეზე გვაქვს სიღრმისეული მსოფლმხედველობრივი კონფლიქტი და ურთიერთმიუღებლობა, ამიტომ ფუჭად დარჩება ერთიანობისკენ მიმართული ნებისმიერი მცდელობა და სენტიმენტალური მოწოდებები ქართველების ერთად ყოფნის შესახებ. სრულიად ნათელია, რომ არც ერთ მხარეს არ გვინდა მეორესთან გაერთიანება ან ინტეგრირება და ასეთი მცდელობები მხოლოდ აგრესიას იწვევს. უნდა შევეგუოთ იმასაც, რომ ერთმანეთის არ გვესმის და ვერც უახლოეს მომავალში გავუგებთ – ასეთია მოცემულობა ამ ვითარებაში ლამის ერთადერთ შემაკავებელ ფაქტორად გვევლინება კანონის უზენაესობა.

მოცემულობაა ისიც, რომ ორივე მხარე ერთი გემის მგზავრები ვართ, რომლის გადახერხვას და გაყოფას თუ ვეცდებით, საერთოდ ჩავძირავთ გემს.

ამიტომ, გვინდა თუ არ გვინდა, სხვა გზა არ გვაქვს, თანაარსებობის ისეთი ფორმა უნდა ვიპოვოთ, რომელიც გემს არ დააზიანებს.

რა შეიძლება იყოს ეს ფორმა?!

საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, მოქალაქეებს ფაქტობრივად გამოხატვის აბსოლუტური თავისუფლება აქვთ, დაშვებულია ნებისმიერი ვერბალური შეურაცხყოფა საჯაროდ, სოციალური ქსელებით და მედიით. ასევე სრული თავისუფლებით სარგებლობს მედია და ყველა მხარეს შეუზღუდავად შეუძლია ნებისმიერი აზრის მიტანა საზოგადოებამდე. ანუ ყველა მოქალაქეს აქვს საკუთარი იდეების თვითგამოხატვის სივრცე. ასეთი იდეების გამოხატვის ადგილი შეიძლება, ყოფილიყო პარლამენტიც, მაგრამ პარტიების ერთმა ნაწილმა ამაზე უარი განაცხადა და ესეც მოცემულობაა.

სრული ვერბალური თავისუფლება ქმედების თავისუფლებაში და განუკითხაობაში რომ არ გადაიზარდოს, ამას იცავს კანონი.

ასე რომ, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, დაწერილი (ასეთია კონსტიტუცია!) და დაუწერელი ეროვნული შეთანხმების მთავარ თემას წარმოადგენს კანონისადმი მორჩილება.

მხოლოდ კანონის ფარგლებში დარჩენა წარმოადგენს (მით უმეტეს, ასეთ პოლარიზებულ საზოგადოებაში!) მხარეთა მშვიდობიანი თანაარსებობის ერთადერთ ფორმას და ეს გამომდინარეობს ნებისმიერი მოქალაქის თუ პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებიდან, ვინაიდან, კანონისადმი დაუმორჩილებლობის პრეცედენტები თავისთავად გამოიწვევს ჯაჭვურ რეაქციას და დანარჩენი მოქალაქეებიც და პოლიტიკური ჯგუფებიც ასევე კანონის გვერდის ავლით მოინდომებენ საკუთარი პოლიტიკური და სოციალური იდეების რეალიზებას და, როგორც ხდება ხოლმე, მოწინააღმდეგეებთან ანგარიშსწორებასაც. ასე რომ, განსაკუთრებული გამჭრიახობა არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ კანონის უზენაესობის პრინციპის დამკვიდრება დღეს შედის როგორც ცალკეული მოქალაქეების, ისე პოლიტიკური ჯგუფების და მთელი საზოგადოების სასიცოცხლო ინტერესებში.

ალბათ, ესეც უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც ცალკეულ „ცხელ თავებს“ ვუსმენთ ხოლმე“, – წერს ვასილ მაღლაფერიძე „ფეისბუქში“.

 

თუ დავაკვირდებით, საქართველოში ბოლო დღეებში არსებითად იმაზე ვკამათობთ, ყოველთვის უნდა დავემორჩილოთ კანონს, თუ შეგვიძლია,…

Posted by ვასილ მაღლაფერიძე on Sunday, 28 February 2021