ვასილ გედევანიშვილი - შოვში მასშტაბური ღვარცოფის განმეორების რისკები პრაქტიკულად არ არსებობს, ორი-სამი კვირის ვადაში გვექნება საბოლოო დასკვნა, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი
ვასილ გედევანიშვილი - შოვში მასშტაბური ღვარცოფის განმეორების რისკები პრაქტიკულად არ არსებობს, ორი-სამი კვირის ვადაში გვექნება საბოლოო დასკვნა, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი

დაახლოებით ორი-სამი კვირის ვადაში გვექნება საბოლოო დასკვნა, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, თუ რა მოვლენებს ჰქონდა ადგილი, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ვასილ გედევანიშვილმა სოფელ გლოლაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ხეობაში გაგრძელდება მონიტორინგი, გაგრძელდება დაკვირვება ჩვენი სპეციალისტების მიერ, რათა ამ საკმაოდ მასშტაბური ღვარცოფის შემდეგ გამოირიცხოს რამე დამატებითი საფრთხეები, რომლებიც, როგორც წესი, თანმდევი პროცესია ხოლმე მსგავსი მასშტაბური ღვარცოფის შემდეგ. აქვე, მინდა, ვთქვა, რომ რამე მყისიერი საფრთხე და რამე ისეთი მასშტაბური ღვარცოფის განმეორების რისკები პრაქტიკულად არ არსებობს“, – აღნიშნა ვასილ გედევანიშვილმა.

მისივე თქმით, მდინარე ჭანჭახსა და მდინარე რიონზე დაყენებულია შესაბამისი დონეთმზომები, რომლებიც ახდენს მდინარეში მონიტორინგს წყლის, რომელიც მოედინება.

„შესაბამისად, კიდევ უფრო გავააქტიურებთ ამ პროცესსაც. იყო დაპირება, რომ დავაყენებთ რამდენიმე ასეთ მოწყობილობას, რათა ადრეული მონიტორინგის სისტემები კიდევ უფრო გაძლიერდეს და მომავალში მსგავსი მოვლენების პროცესში უფრო მეტი დაკვირვების მექანიზმები გვქონდეს. წყალმზომები, ასევე მეტეოსადგურები, ყველა შესაძლო ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება, წინასწარი ინფორმაცია მოგვცეს კლიმატური პირობების გაუარესების, ნალექების მატების ან მსგავს მოვლენებთან დაკავშირებით. შევეცდებით, მაქსიმალურად გავააქტიუროთ მუშაობა. დაახლოებით ორი-სამი კვირის ვადაში გვექნება უკვე საბოლოო დასკვნა, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, თუ რა მოვლენებს ჰქონდა ადგილი“, – განაცხადა ვასილ გედევანიშვილმა.