საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შესული ინფორმაციის თანახმად, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და საჭირო იყო მეხანძრე-მაშველების დახმარება.
შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ნაკრძალის მიმართულებით გავიდნენ. ადგილზე მისული მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ხანძარი გავრცელებული იყო ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარზე, წაქცეულ ხეებსა და კუნძებზე.
„რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერებთან ვერ ხერხდებოდა სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიყვანა. შესაბამისად, მეხანძრე-მაშველებს მოუწიათ ქრობის პროცესის ინდივიდუალური აღჭურვილობით დაწყება. ამ დროისთვის, ცოცხალი ძალის აქტიური მუშაობის შედეგად, ხანძარი ლიკვიდირებულია და ადგილზე ცეცხლის ღია კერა აღარ ფიქსირდება“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.