ვაშლიჯვრის მოსახლეობა კორპუსების მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებას და მეწყრის შესასწავლად ექსპერტთა ჯგუფის შექმნას ითხოვს
ვაშლიჯვრის მოსახლეობა კორპუსების მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებას და მეწყრის შესასწავლად ექსპერტთა ჯგუფის შექმნას ითხოვს. მოსახლეობამ თბილისის მერიაში დღეს პეტიცია შეიტანა.
მათი თქმით, აუცილებელია, აღნიშნული პრობლემა მერიამ საჯაროდ განიხილოს, რათა მოსახლეობას სრული ინფორმაცია ჰქონდეს. მოსახლეობამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 5 000-მდე ხელმოწერა შეაგროვა.
როგორც ვაშლიჯვრის მაცხოვრებელი რუსუდან ფანოზიშვილი აცხადებს, ადგილზე მშენებლობა ადამიანების სიცოცხლისთვის სარისკოა.
„მიგვაჩნია, რომ მეწყრის რისკი არის ბოლო წვეთი. ისედაც, ვაშლიჯვარში უკონტროლო და სარისკო მშენებლობები ხორციელდება. ვითხოვთ, ვიცოდეთ, რა ტიპის მონიტორინგი ხორციელდება მეწყერზე, ამის შესახებ განახლებული ინფორმაცია ჩვენთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს 24 საათის განმავლობაში. ვითხოვთ დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის შექმნას, რომელშიც ჩართული იქნებიან ქართული და საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტები, რაც მთავარია, ჩართული უნდა იყვნენ ვაშლიჯვრის მოსახლეობის წარმომადგენლები, ჩვენ ამის უფლება გვაქვს“, – განაცხადა რუსუდან ფანოზიშვილმა.
ამასთან, როგორც მოსახლეობა აცხადებს, უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი ვაშლიჯვარში ყველა ტიპის მშენებლობაზე, მათ შორის, უნდა გაჩერდეს განხილვის პროცესში არსებულ სამშენებლო მოთხოვნებზე დასკვნების გაცემა, დაუყოვნებლივ შეიქმნას დამოუკიდებელ ქართველ და საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც გამოიკვლევს ლისის ქედს სრულად და მის რისკებს და რომელთა ვინაობაც გასაჯაროვდება. სამუშაო ჯგუფში ჩართული უნდა იყვნენ ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები და გაიმართოს საჯარო განხილვები.
მოსახლეობის თქმით, მერიამ ლისის დაზიანებულ ფერდზე უნდა დაამონტაჟოს სამონიტორინგო სისტემა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში დააკვირდება ფერდს და საჯარო წესით საზოგადოებას მუდმივად მიაწვდის ამის შესახებ ინფორმაციას, შეწყდეს მაჭავარიანის ქუჩიდან მიმავალი ესტაკადის მშენებლობა და არ გაიხსნას მაჭავარიანის ქუჩა იქამდე, ვიდრე არ იქნება ცნობილი ექსპერტიზის პასუხები და დასკვნები, შესწავლილი იყოს და გასაჯაროვდეს მთლიანად ვაშლიჯვრის უბნის გეოლოგიური ანალიზი.