ვაშინგტონის მერი - სამართალდამცავების მობილიზება აუცილებელია აშშ-ის მოქალაქეების უფლებების დასაცავად და არა ამ უფლებების შეზღუდვისთვის
ვაშინგტონის ოლქის მერი ტრამპს მოუწოდებს, ოლქიდან ფედერალური სამართალდამცველები და სამხედროები გაიყვანოს. ამის შესახებ მურიელ ბაუზერმა აშშ-ის პრეზიდენტისადმი გაგზავნილ ღია წერილში საუბრობს.
მისი თქმით, ქალაქში მყოფი ფედერალური სამხედროებს ფორმა არ აცვიათ და ასე განაგრძობენ პატრულირებას, რაც ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება.
„ფედერალური სამართალდამცავების ოლქში ყოფნა დემონსტრანტების პროვოცირებას იწვევს და წუხილს უმატებს მათ, ვინც მშვიდობიანად აპროტესტებს და ითხოვს იმ დაზიანებული სისტემის რეფორმირებას, რომელიც ფერადკანიან ამერიკელებს კლავს“, – წერს ვაშინგტონის ოლქის მერი.
ბაუზერი ასევე აცხადებს, რომ ვაშინგტონის ოლქის პოლიცია კარგად მოქმედებს და ფედერალური სამართალდამცველების ვაშინგტონში ყოფნა აღარ არის საჭირო, რადგან „ისინი მოქმედებენ იმ საკომუნიკაციო არხებით, რითაც ვაშინგტონის პოლიცია. ეს კი ქმნის საშიში გაუგებრობის საფრთხეს.“
განმასხვავებელი ნიშნების და ფორმის გარეშე მყოფი სამართალდამცველები საფრთხეს უქმნიან მოქალაქეებს. ამიტომ ვაშინგტონში სამართალდამცველები ვალდებულები არიან, ატარონ განმასხვავებელი ნიშანი ან ფორმა.
ვაშინგტონის ოლქის მერის თქმით, კომენდანტის საათი დასრულებულია, ამიტომ ფედერალურმა სამართალდამცველებმა ოლქი უნდა დატოვონ.
„ჩემი შეხედულება შემდეგია, სამართალდამცავების მობილიზება აუცილებელია აშშ-ის მოქალაქეების უფლებები უნდა დასაცავად და არა ამ უფლებების შეზღუდვისთვის“, – წერს ვაშინგტონის ოლქის მერი.
ვაშინგტონში კომენდანტის საათის გამოცხადება და ფედერალური სამართალდამცავების მობილიზება მას შემდეგ გადაწყდა, რაც მინეაპოლისში პოლიციის მიერ ძალის გამოყენების დროს აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომლებიც ვაშინგტონში არეულობაში გადაიზარდა.