ვარლამ ლიპარტელიანი - მტკიცებულებები არის, მაგრამ თავს შევიკავებთ იმ ადამიანის დასახელებისგან, ვინც დავით ქევხიშვილის უკან დგას
ვარლამ ლიპარტელიანი - მტკიცებულებები არის, მაგრამ თავს შევიკავებთ იმ ადამიანის დასახელებისგან, ვინც დავით ქევხიშვილის უკან დგას

მტკიცებულებები არის, მაგრამ თავს შევიკავებთ იმ ადამიანის დასახელებისგან, ვინც დავით ქევხიშვილის უკან დგას, რადგან არ გვინდა, ამას ისეთი სარჩული მიაკერონ, თითქოს, რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას ვებრძვით, – ამის შესახებ მსოფლიოს პრიზიორმა, ოლიმპიურმა პრიზიორმა და ძიუდოს ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს ასე არ არის. ჩვენს ინტერესებში ვინმესთვის ტალახის სროლა არ შედის. მტკიცებულებები არსებობს. არის უამრავი ადამიანი, ვინც ამას დააფიქსირებს და ღიად იტყვის, თუ ვინ დგას დავით ქევხიშვილის უკან. ახლა, დაძაბულობა ჩვენ ოჯახშია და არ გვინდა, ის ოჯახს გარეთ გავიდეს, მაგრამ თუ იმ ზომამდე მიგვიყვანენ, რომ სხვა გზა არ გვექნება, ამ პიროვნებას აუცილებლად დავასახელებთ. ჯერ კიდევ გვჯერა, რომ დავით ქევხიშვილი სიტუაციას ჩიხში არ შეიყვანს და ისეთ გადაწყვეტილებას არ მიგვაღებინებს, რაც არ გვინდა“, – განაცხადა ლიპარტელიანმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორია სპორტსმენების სამომავლო გეგმები იმ შემთხვევაში, თუ დავით ქევხიშვილი პოსტს არ დატოვებს, ვარლამ ლიპარტელიანმა განაცხადა, რომ იმედი აქვთ, სამინისტროს მიერ შექმნილი კომისია ყველაფერს დეტალურად გამოიძიებს და დავით ქევხიშვილი თანამდებობას დატოვებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ის პოსტიდან არ გადადგება, სპორტსმენები შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელებენ.

„მინდა, გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობა გადავუხადო მინისტრს, მიხეილ გიორგაძეს. ჩვენ გვჯერა მათი გონიერების. გვჯერა იმის, რომ ყველაფერს სწორად გამოიძიებენ და ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, როგორც ქართულ ძიუდოს, ქართულ სპორტს შეშვენის. იმედი მაქვს, შემდგომ ნაბიჯებზე ფიქრი არ დაგვჭირდება“, – განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.