ვარლამ ლიპარტელიანი - ამ ფორმაში საუბარი ჩვენთვის ძალიან უცხოა, მაგრამ დავით ქევხიშვილმა გამოგვიწვია და ვალდებული გავხდით, ამ ყველაფერზე გვესაუბრა
ამ ფორმაში საუბარი ჩვენთვის ძალიან უცხოა, ამ თემებზე საუბარი პირადად ჩემთვის შეურაცხმყოფელია, მაგრამ დავით ქევხიშვილმა გამოგვიწვია და ვალდებული გავხდით, ამ ყველაფერზე გვესაუბრა, – ამის შესახებ მსოფლიოს პრიზიორმა, ოლიმპიურმა პრიზიორმა და ძიუდოს ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„დღეს ყრილობაზე შევედით, მაგრამ ჯერ დაცვა დაგვხვდა და არ გვიშვებდნენ, შემდეგ სამი სპორტსმენის შეშვებაზე იყო საუბარი, მერე იქ ჭიდაობა წავიდა და ოთხი სპორტსმენი შემოუშვეს, მერე ხუთი და პროცესი კამათში გადაიზარდა, რისთვისაც იქ შეკრებილ ადამიანებს ბოდიში მინდა მოვუხადო“, – განაცხადა ლიპარტელიანმა.
მისი თქმით, ყრილობაზე მიწვეულ პირებს მოსაწვევები დაეგზავნათ, მას და დანარჩენ სპორტსმენებს კი არც მოსაწვევი მიუღიათ და არც რამე სახის შეტყობინება.
„ბატონ დავითს შეხვედრა უამრავჯერ შევთავაზეთ, რომ ნაკრების წევრებს მასთან პირადად ესაუბრათ, მაგრამ მან ყოველთვის თავი აგვარიდა. სამი საათის განმავლობაში ფედერაციასთან ველოდებოდით, რადგან ზუსტად ვიცოდით, რომ იქ იმყოფებოდა, მაგრამ როცა გაიგო, რომ ფედერაციაში უნდა მივსულიყავით, იქაურობა დატოვა, სამი საათის განმავლობაში გვალოდინა და შემდეგ განაცხადა, რომ უფრო მნიშვნელოვანი საქმეები ჰქონდა. ის ფედერაციაში მაშინაც არ მოვიდა, როცა მედიასთან და გულშემატკივრებთან ერთად დავაანონსეთ, რომ გვინდოდა, მასთან მივსულიყავით და გვესაუბრა“, – განაცხადა ლიპარტელიანმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, დატოვეს თუ არა სპორტსმენებმა ყრილობა მანამ, სანამ მათ დავით ქევხიშვილი პასუხს სრულფასოვნად გასცემდა, ვარლამ ლიპარტელიანმა განაცხადა, რომ ფედერაციის პრეზიდენტი ყრილობაზე მათ შეკითხვებზე პასუხის გაცემას არ აპირებდა.
„ჩვენ მას კითხვები დავუსვით, მაგრამ პასუხები არ გაგვცა. თქვა, დამაცადეთ, ეს ყრილობა უნდა ჩავატარო და რაღაცებზე შემდეგ ვისაუბროთო. როგორც ყოველთვის, ის ლავირებას აკეთებდა. მასთან უამრავჯერ გვისაუბრია და მისი ფორმატი კარგად ვიცი, თუ როგორ და რანაირად საუბრობს“, – განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.