ვარლამ ლიპარტელიანი - ძალადობის წინააღმდეგი ვართ და ყველა გულშემატკივარს მოვუწოდებთ, ემოციებისგან თავი შევიკავოთ
ვარლამ ლიპარტელიანი - ძალადობის წინააღმდეგი ვართ და ყველა გულშემატკივარს მოვუწოდებთ, ემოციებისგან თავი შევიკავოთ

ჩვენ ჯანსაღ პროტესტს ვაგრძელებთ, წინააღმდეგი ვართ ყველანაირი ძალადობის, დაპირისპირების და ყველა გულშემატკივარს მოვუწოდებთ, ემოციებისგან თავი შევიკავოთ, – განაცხადა მსოფლიო პრიზიორმა, ოლიმპიურმა პრიზიორმა და ძიუდოს ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ყველას მოვუწოდებ, უბრალოდ გამოვხატოთ პროტესტი, რასაც თავისუფლებისთვის და ძიუდოს ერთპიროვნული მმართველობისგან გათავისუფლებისთვის ბრძოლა ჰქვია. ჩვენ პროტესტის ამ ფორმას მივმართავთ; ჩვენ გვერდით დგას მხოლოდ გულშემატკივარი და ის ადამიანები, ვისაც ძიუდო უყვარს“, – განაცხადა ლიპარტელიანმა.

მისი თქმით, პროტესტი არანაირ პოლიტიკურ ფაზაში არ გადავა, რადგან ეს მათი მიზანი არ არის.

„ეს გამორიცხულია. არის უამრავი ტალახის სროლა, მაგრამ პირადად მე და სპორტსმენები გარანტიას გაძლევთ, რომ ჩვენს უკან არანაირი პოლიტიკური ძალა არ დგას და ვერც დადგება, რადგან ჩვენ მხოლოდ იმას ვემსახურებით, რომ ძიუდოში ჯანსაღი სიტუაცია და ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის იდეალური პირობები იყოს“, – განაცხადა ლიპარტელიანმა.

ამ განცხადებით ვარლამ ლიპარტელიანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორია სპორტსმენთა გეგმები იმ შემთხვევაში, თუ დავით ქევხიშვილმა თანამდებობა არ დატოვა.

როგორც ნაკრების კაპიტანმა აღნიშნა, იყო საუბარი იმაზე, რომ ზოგიერთ სპორტსმენს თანამდებობის დაკავება უნდა და სკამისთვის იბრძვის, მაგრამ ეს სრული აბსურდია.

„ეს სიმართლეს არ შეესაბამება. გარანტიას ვაძლევ ყველა გულშემატკივარს, როცა ეს მოვლენები დასრულდება, თანამდებობას არც ერთი მოქმედი სპორტსმენი არ დაიკავებს. ისინი ვარჯიშს, საქართველოს ღირსების დაცვას გააგრძელებენ და საქართველოს ღირსებას ქვეყნის გარეთ მთელი გულით, მთელი მონდომებით გავიტანთ“, – განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.