ვარლამ გოლეთიანი - ჩვეულებრივ ვრჩებით რიონის ხეობაში, ვიდრე არ დაიწყება უშუალოდ ტექნიკის გაყვანის პროცესი და ამას ჩვენი თვალით არ დავაკვირდებით
ჩვენ ჩვეულებრივ ვრჩებით რიონის ხეობაში იქამდე, ვიდრე არ დაიწყება უშუალოდ ტექნიკის გაყვანის პროცესი და ამას არ დავაკვირდებით ჩვენი თვალით, – ამის შესახებ ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ელოდებიან ინფორმაციის საბოლოოდ დადასტურებას, ნამდვილად გაწყდა თუ არა ხელშეკრულება კომპანია „ენკასა“ და საქართველოს ხელისუფლებას შორის.
„სიმართლე გითხრათ, ჩვენ სხვა მოლოდინები გვაქვს ამ პროცესში, ანუ არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო ველოდებოდით დაძაბვას. რა ინფორმაციაც ახლა ვრცელდება, ამის მოლოდინი ჩვენ არ გვქონდა. ჯერ საბოლოოდ ველოდებით დადასტურებას, რამდენად სიმართლეა, რადგან ოფიციალური უწყებები ამასთან დაკავშირებით განმარტებებს არ აკეთებენ. არც „ენკას“ უთქვამს ჯერ თავად და არც ეკონომიკის სამინისტროს, რომ ნამდვილად გაწყდა ხელშეკრულება. ამიტომ, არ გვინდა, ისე გამოვიდეს, რომ მოვლენებს წინ გავუსწროთ. თუმცა სხვადასხვა სანდო წყაროდანაც გავრცელდა, რომ ხელისუფლებასა და „ენკას“ შორის ხელშეკრულება გაწყდა. ჩვენ ჩვეულებრივ ვრჩებით ხეობაში იქამდე, ვიდრე არ დაიწყება აქედან უშუალოდ ტექნიკის გაყვანის პროცესი და ამას არ დავაკვირდებით ჩვენი თვალით, რადგან სიტყვაზე ნდობა, რომ გადის, ჩვენ დავიშალოთ და წავიდეთ, არ იქნება სწორი და საქმისთვის მიზანშეწონილი“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
კომპანია „ენკა რინიუებლზი“, რომელსაც „ნამახვანჰესი“ უნდა აეშენებინა, საქართველოსთან ხელშეკრულებას წყვეტს. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.
„ჩვენი კომპანიის შვილობილმა, ENKA Renewables-მა საქართველოს სახელმწიფოსთან 2019 წლის 25 აპრილს ხელი მოაწერა ნამახვანის კასკადის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განვითარების, მშენებლობის, მართვისა და ექსპლუატაციის შეთანხმებას, რომელიც უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს. კომპანია ატყობინებს საქართველოს სახელმწიფოს ამ შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე, ხელშეკრულების დარღვევისა და ფორსმაჟორის გამო“, – აღნიშნულია კომპანია „ენკას“ განცხადებაში.