ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ კახა კუჭავამ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეებს შეხვედრა შესთავაზა
ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ კახა კუჭავამ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეებს შეხვედრა შესთავაზა

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ აქციის მონაწილეებს შეხვედრა შესთავაზა.

„დაგვიკავშირდა პარლამენტის თავმჯდომარე და შემოგვთავაზა შეხვედრა. არ ვიცით, ამ გამოსვლების შემდეგ რა აქვს ჩვენთვის სათქმელი. უბრალოდ, გვინდა, რომ ეს საკითხები ერთად გავიაროთ, ვინც აქ ვართ და ერთად გადავწყვიტოთ. ჩვენ ვუთხარით, რომ არანაირ პასუხისმგებლობას არ ვიღებთ, ეს არის კრებითი გადაწყვეტილება და ყველა ერთად უნდა ვიყოთ ჩაბმული ამ პროცესში. ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ფიგურები, რომ რაღაც პასუხისმგებლობები ავიღოთ ამა თუ იმ მოქმედებებზე. ქართველი ხალხი თანაბრად ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ პროტესტსა და ბრძოლაზე. ნუ იქნება მცდელობები, რომ ამა თუ იმ პერსონებზე მოხდეს იდენტიფიცირება, რომ ჩვენ ვმართავთ ან ჩვენ ვართ წარმმართველი. ჩვენ ვართ უბრალოდ გამხმოვანებლები იმ დარღვევების, რასაც ვხედავთ სახელისუფლებო წრეების მხრიდან. გადაწყვეტილებას იღებს ქართველი ხალხი, ამიტომ, რაზეც შევთანხმდებით აქ, ის იქნება ჩვენი გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობაც იქნება კრებითი და კოლექტიური“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ვარლამ გოლეთიანის თქმით, ხელისუფლებასთან დიალოგში არ შედიან, უბრალოდ მოისმენენ, რისი თქმა უნდა კახა კუჭავას აქციის მონაწილეებისთვის.

„ჩვენ ვუთხარით მათ ასეთი რამ. ჩვენ შეგვიძლია, დავიძრათ პარლამენტის მიმართულებით, შემოვუაროთ უკანა მხრიდან, სადაც თუ ექნება პარლამენტის თავმჯდომარეს კომუნიკაციის სურვილი, გამობრძანდეს. ჩვენ უზრუნველვყოფთ პოლიციასთან ერთად მშვიდობიან შეხვედრას, რომ არ იყოს არც შეძახილი. ეს არ გვჭირდება არაფერში. მშვიდობიანად დავდგეთ ყველა ერთად და მოვისმინოთ, რა აქვთ სათქმელი. რისი თქმა უნდა, ეს ჩვენ არ ვიცით, უბრალოდ შეხვედრის მზაობა გამოხატეს. მეორე, თუ დაგვთანხმდებიან, გამოვლენ გარეთ, გვეტყვიან სათქმელს, უზრუნველვყოფთ მშვიდობიან დახვედრას, თუ არ გამოვლენ, თუ თანახმა ვართ, რომ რამდენიმე ადამიანი შევიდეთ შეხვედრაზე მედიასთან ერთად ჩართული ლაივით, დაველაპარაკებით, დანარჩენები გარეთ იდგნენ და მოისმინონ პოზიცია, რას იტყვის. კონკრეტულად ვამბობთ, რომ მათთან არანაირ დიალოგში არ შევდივართ, უბრალოდ, რადგან სურვილი გამოთქვეს, რომ რაღაც აქვთ სათქმელი, ხომ არ მივიდეთ და გავიგოთ. კარგია თუ დავიძვრებით და წავალთ პარლამენტის მიმართულებით. ჩვენი ეს გადაადგილება ისედაც დაგეგმილი იყო, მაგრამ არა ამ მიმართულებით. შემდეგ პიკეტირებას, რაც დაგეგმილი გვქონდა მოთხოვნების არშესრულების შემთხვევაში, აუცილებლად გავაკეთებთ.

იმისთვის, რომ დედაქალაქის მოსახლეობამ შეხედოს ხელისუფლების იმ არაარგუმენტირებულ და უსამართლო სახეს და იმას, რომ ჩვენ კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს, რომ შეგვიძლია ჯანსაღ კომუნიკაციაში შევიდეთ ყველგან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დიალოგში შევდივართ და ვცვლით გუშინდელ მოთხოვნას. ზუსტად იმას გავაკეთებთ, რაც დაგეგმილი გვქონდა, უბრალოდ რომ არ თქვან, რაღაცას ვთავაზობდით და არ მოისმინეს ან ასე შემდეგ. შეგვიძლია გადავაადგილდეთ და მოვისმინოთ. დაველოდოთ მათ პასუხს, მზად არიან თუ არა გამოსასვლელად, დაველოდებით მაშინ ზარს, თუ უნდათ, წავიდეთ“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.