ვაქცინაციის ხელშეწყობის მიზნით, კოდის დევნილთა დასახლებაში მოძრავი ამბულატორია განთავსდა
იძულებით გადაადგილებული პირების იმუნიზაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, კოდის დევნილთა დასახლებაში მოძრავი ამბულატორია განთავსდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.
დევნილთა სააგენტოს დირექტორის, ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, იძულებით გადაადგილებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ აცრა, ქვეყანაში არსებული ოთხივე ვაქცინით, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ჩაეტარებინათ.
„ვაქცინის კიდევ უფრო ხელმისაწვდომობისთვის კოდის დევნილთა დასახლებაში მობილური ამბულატორია ჩამოვიყვანეთ. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს დევნილებს აქტიურობისთვის და კიდევ ერთხელ მოვუწოდო გაიკეთონ აცრა, დაიცვან და გაუფრთხილდნენ საკუთარ და გარშემომყოფების ჯანმრთელობას. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, ვაქცინაციას სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.
კოდის დევნილთა დასახლებაში მიმდინარე იმუნიზაციის პროცესს დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ შოთა რეხვიაშვილთან ერთად გაეცნენ.
სააგენტოს ცნობით, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, მობილური ამბულატორიები დევნილთა დასახლებებში მომავალშიც განთავსდება.