საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.
როგორც პირველ არხს მსჯავრდებულის ადვოკატმა განუცხადა, მერაბიშვილი „ნიუჰოსპიტალში“ 18:00 საათისთვის შეიყვანეს. გიორგი ჩივიაშვილს არ აქვს კონკრეტული ინფორმაცია, რა ტიპის კვლევები ჩაუტარდა მერაბიშვილს სამედიცინო დაწესებულებაში, თუმცა როგორც ადვოკატი ამბობს, ვანო მერაბიშვილს პრობლემები სასუნთქ გზებთან და თვალთან დაკავშირებით აქვს.
ასევე ცნობილია, რომ ვანო მერაბიშვილი კლინიკაში საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე გადაიყვანეს.
„ვანო მერაბიშვილი ორჯერ იყო გაყვანილი დღემდე სხვადასხვა კლინიკებში გამოკვლევის მიზნით. ორ თვეზე მეტი გავიდა, რაც ის მედიკამენტურ მკურნალობას გადის. მაგრამ, შედეგი არ არის. იგივე მდგომარეობაშია, რა მდგომარეობაშიც იყო. ამიტომ, დღეს გახდა საჭირო მისი გაყვანა მესამედ სხვა კლინიკაში.
რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, მერაბიშვილი უკვე დააბრუნეს მეცხრე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. არ ვიცით დიაგნოზი. მივწერეთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, გადმოგვცენ ინფორმაცია, რა იყო წინა კვლევების შედეგები და ასევე რა დიაგნოზი დასვეს დღეს. ის უჩივის სასუნთქ გზებთან და თვალთან დაკავშირებით პრობლემებს“,- განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.