ვანო მერაბიშვილი - საქართველოს ქუჩებიდან ზეწოლა და ოპოზიციური მოძრაობების გაძლიერება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას დაეხმარება
ბიძინა ივანიშვილზე სერიოზული ზეწოლის გარეშე სააკაშვილის გათავისუფლება შეუძლებელია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა 10 მარტს „უკრინფორმის“ მედიაცენტრში განაცხადა, სადაც გლობალური ინიციატივის, SAVE MISHA-ს თემაზე დისკუსია გაიმართა. მერაბიშვილს კითხვა დაუსვეს, რამდენად დააჩქარებს საქართველოს დეოკუპაციას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.
„უპირველეს ყოვლისა, თუ არ იქნება სერიოზული ზეწოლა ივანიშვილზე, ძალიან რთული იქნება სააკაშვილის გათავისუფლება, რადგან ის არის ამ ორი ადამიანის (ბიძინა ივანიშვილის და ვლადიმერ პუტინის) პირადი პატიმარი. რატომ ჰყავდათ ის ამდენ ხანს დაპატიმრებული? რადგან მათ ესმით, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა და თავისუფლება ამოკლებს მათ ძალაუფლებას. მინდა, გავიხსენო, რა თქვა სიმონიანმა თბილისში მიტინგებზე რეაგირებისას: „საქართველოს არავინ მოეფერება, უბრალოდ დავარტყამთ ეგრევე თბილისს“. ეს არის რუსეთის ღია გზავნილი ბოლო მიტინგებზე რეაგირებისას. როგორც ბელარუსის შემთხვევაში იყო, როდესაც ოპოზიციური მიტინგები ჩაახშეს. ამის მთავარი მიზეზი იყო რუსეთის მიერ ბელარუსის პირდაპირი ოკუპაციის შიში. რუსების პირველივე რეაქცია იყო, რომ „ჩვენ დავბომბავთ თბილისს, ორ დღეში ავიღებთ საქართველოს“.
ძალიან მოხარული ვარ, რომ იმ დემონსტრანტებს, რომლებიც რამდენიმე დღის წინ თბილისში გამოდიოდნენ, ყველაფერი ძალიან კარგად ესმით. იცით, ჩვენი მთავრობის მთავარი გზავნილი რა არის? თუ სააკაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდება, ამ პარტიის გარდა საქართველოში სხვა ალტერნატივა არ არის, იმავე დღეს დაიწყება ომი, თბილისში იდგება რუსული ტანკები. ეს გზავნილი, ასე თუ ისე მუშაობს, რადგან 2008 წელს საქართველოს თითქმის მესამედი იყო ოკუპირებული და ყოველი მეორე ქართველი საკუთარი თვალით ხედავდა რუსულ ტანკს. მაშინ, სამწუხაროდ, საერთაშორისო საზოგადოება, დასავლეთი ამ საკითხს ძალიან არასერიოზულად მიუდგა, ისევე როგორც ყირიმის ოკუპაციის დროს დასავლეთი არაადეკვატურად მოიქცა და ახლა ჩვენ ასეთ დიდ ომში ვიმყოფებით. ძალიან მიხარია, რომ ამ შიშების მიუხედავად, საქართველოს საზოგადოების უმრავლესობა მზად არის, შეცვალოს ეს მთავრობა, ჩადგეს ევროპული ოჯახის რიგებში და ჩვენი მთავარი მეგობრის, უკრაინის მოკავშირე გახდეს. ხოლო ივანიშვილზე სერიოზული ზეწოლის გარეშე სააკაშვილის გათავისუფლება შეუძლებელია“, – განაცხადა მერაბიშვილმა.
ვანო მერაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დასავლეთის პოზიციაზეც ისაუბრა.
„ბოლო თვეებში სიტუაცია ძალიან სერიოზულად იცვლება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იცვლება აშშ-ში. მოდით, ვაღიაროთ, რომ ქართულ პოლიტიკაში და, ზოგადად, ყველაზე მთავარია ამერიკული საზოგადოება. ჩვენ ახლა გვაქვს სერიოზული წინსვლა. ახლა არ მინდა კონკრეტულად საუბარი, თუმცა ძალიან შეიცვალა აშშ-ის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. საქარველოს მთავრობამ ბოლო დროს დაიკავა აშკარად პრორუსული პოლიტიკა. საქართველოს მთავრობა ახერხებდა კარგი ურთიერთობა ჰქონოდა დასავლეთთანაც და რუსეთთანაც, თუმცა გასული წლის 24 თებერვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და საქართველო გახდა აშკარად პრორუსული ორიენტაციის. მე ვიცი, ვგრძნობ, რომ დასავლეთის გავლენა ივანიშვილზე, საქართველოს მთავრობაზე შემცირდა, რადგან მათ ერთი მხარე დაიკავეს. ის, რომ საქართველოს მთავრობამ ამ კანონისთვის ხმის მიცემა გაბედა, ადასტურებს, რომ ისინი უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ პრორუსულ ინიციატივებს, ვიდრე პროევროპულებს. ამიტომ, ვიმედოვნებთ, რომ ეს მოძრაობები, რომლებიც იყო, საქართველოს ქუჩებიდან ზეწოლა და ოპოზიციური მოძრაობების გაძლიერება, დაეხმარება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და მისი სიცოცხლის გადარჩენას“, – აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.