საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრსა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.
როგორც პირველ არხს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში განუცხადეს, ვანო მერაბიშვილს ჰაერის უკმარისობა ჰქონდა, რის გამოც სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციამ მისი კლინიკაში გამოკვლევებისთვის გადაყვანა საჭიროდ ჩათვალა.
მათივე ცნობით, კლინიკაში გადაყვანა გუშინ დაიგეგმა და მერაბიშვილი საავადმყოფოში გამოკვლევებისთვის დღეს ერთი საათით იყო გადაყვანილი.
„ციხის სამედიცინო პერსონალმა საჭიროდ ჩათვალა შემოწმება სამოქალაქო კლინიკაში, რაც დაიგეგმა გუშინ და დღეს საღამოს იქნა გადაყვანილი. დანიშნულების მიღების შემდეგ დაბრუნდა და იმყოფება დაწესებულებაში. დიაგნოზი ჯანმრთელობისთვის და მით უმეტეს სიცოცხლისთვის საშიში არ არის“, – აცხადებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში.
საქართველოს ყოფილი პრემიერის ადვოკატის, გიორგი ჩივიაშვილის ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილს ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რაც სასუნთქი გზებიდან დაიწყო. მისივე თქმით, მსჯავრდებულის კლინიკაში გადაყვანას და გამოკვლევების ჩატარებას ადვოკატებიც ითხოვდნენ.
ჩივიაშვილის განცხადებით, მათ სამედიცინო დასკვნის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. მისივე ცნობით, ადვოკატები ვანო მერაბიშვილის მოსანახულებლად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლას ხვალ აპირებენ.