ვანო მერაბიშვილი - პარლამენტთან ხალხი უბრალოდ იდგა და მათ წინააღმდეგ გამოიყენეს ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი
პარლამენტთან ხალხი უბრალოდ იდგა და მათ წინააღმდეგ გამოიყენეს ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ჟურნალისტ ევგენი კისელიოვის იუთუბარხზე 8 მარტის გადაცემაში განაცხადა.
ვანო მერაბიშვილმა უპასუხა შეკითხვას: „ხომ არ მოგსვლიათ აზრად იმ საავადმყოფოს ბასტილიის ციხესავით აღება, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება“.
„თქვენ დაინახეთ, რომ გუშინ პარლამენტთან ხალხი უბრალოდ იდგა და მათ წინააღმდეგ გამოიყენეს ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი. ზუსტად იგივე მოხდება საავადმყოფოსთან, რადგან როგორც კი წავიყვანთ იქით ხალხს, ხელისუფლება იქით გადაისვრის ძალებს. სად იქნება ეპიცენტრი, ახლა ეს ძალიან მნიშვნელოვანი არ არის, რადგან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ჩვენი პირველადი ამოცანაა. ამ დრომდე ამას დიპლომატიური მეთოდებით ვცდილობდით. ამჟამად ამერიკაში ჩვენ ძალიან სერიოზული მიღწევები გვაქვს ამ მიმართულებით. არ არის მნიშვნელოვანი, სად გაირღვევა პოლიციის კორდონი – პარლამენტთან თუ საავადმყოფოსთან. კორდონის ნებისმიერი „გარღვევა“ არის სააკაშვილის და მთელი საქართველოს გათავისუფლება“.
ამასთან, კიდევ ერთ შეკითხვაზე, „შესაძლებელია თუ არა თბილისური მაიდანი“, მერაბიშვილმა განაცხადა:
„არაფერს გამოვრიცხავ. ახლა არ ვიცი ზუსტად, ეს იქნება დღეს, ხვალ თუ ზეგ, მაგრამ ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ამ რეჟიმის დღეები დათვლილია. ხდება ისე, რომ პროფესიონალ პოლიტიკოსს აქვს პირადი გრძნობები. მას ესმის, გრძნობს, რომ რაღაც მოხდება. როდესაც ვუყურებ, რა ხდება თბილისის ქუჩებში, რა ხდება სოციალურ ქსელებში, ვხვდები, რომ გუშინდელის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა საქართველოში“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.