ვანო მერაბიშვილი - დარწმუნებული ვარ, ეს გაზაფხული და ზაფხული იქნება ძალიან საინტერესო საქართველოს პრობლემების გადაწყვეტის კუთხით
ძალიან მოხარული ვარ, რომ ქართული საზოგადოება ამ კანონის სიმბოლურ მიღებას ასეთი აქციებით გამოეხმაურა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა 10 მარტს „უკრინფორმის“ მედიაცენტრში განაცხადა, სადაც გლობალური ინიციატივის, SAVE MISHA-ს თემაზე დისკუსია გაიმართა.
„რადენიმე საათის წინ საქართველოს პარლამენტი იძულებული გახდა, შეკრებილიყო და გაეუქმებინა ეს კანონი. ეს არის ჩვენი დიდი გამარჯვება და ვიმედოვნებთ, რომ ეს გამარჯვება ბოლომდე იქნება მიყვანილი. მინდა, ვთხოვო ყველას, ვინც დაინტერესებულია საქართველოს დემოკრატიით, დაგვეხმარონ მიხეილ სააკაშვილის გადარჩენაში, რადგან მიხეილ სააკაშვილი არა მხოლოდ საქართველოს პირველი პრეზიდენტია, რომელმაც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია მოახდინა, არამედ ის ასევე არის პუტინის მოწინააღმდეგის სიმბოლო. სააკაშვილის გადარჩენა არის პუტინის მოქმედებების შეზღუდვის კიდევ ერთი დიდი ქვა და გირჩევთ, ყველას, დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე SAVE MISHA. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი გამოვიდა ინიციატივით და ძალიან აქტიურად უჭერს მხარს სააკაშვილს. მადლობას ვუხდი პოლონელ მეგობრებს და ჩვენს სხვა მოკავშირეებს. ვთხოვ ყველას, გადავარჩინოთ მიშა, რომ ის მალე იყოს ჯანმრთელი, თავისუფალი და ყველამ ერთად ვიზეიმოთ უკრაინის გამარჯვება“, – განაცხადა მერაბიშვილმა.
მერაბიშვილის თქმით, ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელია, გახდეს ღიად პრორუსული სახელმწიფო.
„ძალიან დიდხანს ყველას ეგონა, რომ საქართველოში საზოგადოებრივი აზრი პასიური იყო, რომ ივანიშვილი აკონტროლებს მთლიანად მედიას, აკონტროლებს საზოგადოებრივ აზრს და შეუძლებელია, რომ ამ პარტიამ და ხელისუფლებამ შეიცვალოს აზრი და წააგოს არჩევნები. თუმცა ამ ბოლო აქციებმა, რომლებსაც, ვიცი, რომ აქ უყურებდით, აჩვენა, რომ ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელია, გახდეს ღიად პრორუსული სახელმწიფო. ეს კანონი იყო ძალიან სიმბოლური. რა თქმა უნდა, ეს კანონი ეხებოდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, თუმცა, სიმბოლურად, თითოეულმა ქართველმა, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ გააცნობიერა, რომ ეს კანონი პირდაპირ ნიშნავს რუსულ ორბიტაზე საქართველოს შესვლის დაწყებას. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც „ქართული ოცნება“ იძულებული გახდა, რაღაც დათმობებზე წასულიყო. ეს ძალიან პატარა, თუმცა ამავე დროს დიდი გამარჯვებაა. ეს არის მომავალი წარმატებების საფუძველი“, – აღნიშნავს მერაბიშვილი.
მერაბიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ იწყებს საზოგადოებრივი აზრის მობილიზებას 12 პუნქტის შესასრულებლად. მერაბიშვილი მასობრივ საპროტესტო აქციებს აანონსებს.
„ახლა ჩემთვის რთულია პროგნოზირება ამ აქციების გაგრძელების. რადგან ცოტა ხნის წინ პარლამენტმა გააუქმა ეს კანონი. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს, ვინც ამ მიტინგებში მონაწილეობდა, უხარია, რომ წარმატება მიღწეულია. ვერ ვიტყვი ზოგადად საზოგადოებაში, თუმცა ჩვენი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, პარტიის ახალი ხელმძღვანელობა ამ ბრძოლის გაგრძელებას აპირებს. მინდა, გითხრათ, როდესაც უკრაინა და მოლდოვა გახდნენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატები, საქართველოს მაშინ ამ სტატუსზე უარი უთხრეს. ახლა საქართველოს მიეცა პერიოდი ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეზოლუციისთვის. ახლა ვიწყებთ საზოგადოებრივი აზრის მობილიზებას ამ 12 პუნქტის შესასრულებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ასევე ვაიძულებთ საქართველოს მთავრობას ამ საკითხში დათმობებზე წასვლას, რადგან ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 10-15 წლის განმავლობაში საქართველო იყო მოწინავე ქვეყანა ამ საერთაშორისო ორგანიზაციების გაწევრიანების გზაზე, ახლა ის გახდა აუტსაიდერი. ჩვენ თავად ვაპირებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოება მხარს დაგვიჭერს, დავიწყოთ მასობრივი საპროტესტო აქციები. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მიზანია მთავრობის შეცვლა და საქართველოში პროდასავლური, პროუკრაინული მთავრობის მოსვლა, რათა უკრაინა არ იყოს მარტო, რადგან ჩვენ, პრაქტიკულად, მოკავშირეები ვართ. ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ და ერთად ვიზეიმოთ არა მხოლოდ რუსეთზე გამარჯვება, არამედ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაზაფხული და ზაფხული იქნება ძალიან საინტერესო საქართველოს პრობლემების გადაწყვეტის კუთხით“, – განაცხადა მერაბიშვილმა.