ვანო მერაბიშვილი - ჩვენ ვათანხმებთ გეგმებს იმ ადამიანებთან, რომელთა ინტერესებს ეხება მიტინგი, საქართველოში არ არის „ცოდვა“, იყო პროდასავლელი, გვაქვს ისეთი გარემოებები, რომ არავისთვისაა პრობლემა, გახდეს „აგენტი“
საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები თავის მიზანს მიაღწევენ. აღნიშნულის შესახებ ვანო მერაბიშვილმა ჟურნალისტ ევგენი კისელიოვის იუთუბ-არხზე, 8 მარტის გადაცემაში განაცხადა.
მისივე თქმით, აღმოსავლეთ ევროპაში არ არსებობს ისეთი პროდასავლური სახელმწიფო, როგორიც საქართველოა.
„ძალიან ბევრი ხალხი მივიდა. გუშინ მთავრობამ გამოიყენა წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები, გაზი და ასე შემდეგ. ღამის 04:00 საათამდე მიტინგი არ დაშლილა. ახლა ხალხი ისევ შეიკრიბა. დარწმუნებული ვარ, ეს მოძრაობა თავის მიზნებს მიაღწევს. ოფიციალური გამოკითხვებით, საქართველოს მოსახლეობის 70%-ზე მეტს სურს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება. აღმოსავლეთ ევროპაში ასეთი პროდასავლური სახელმწიფო არ არსებობს. არ მჯერა, რომ ივანიშვილი შეძლებს საქართველოს რუსეთისკენ მიბრუნებას“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
შეკითხვაზე, რა არის ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო მოძრაობის მთავარი მიზანი, კანონის გაუქმების მიღწევა, მისი დღის წესრიგიდან მოხსნა, თუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორება, ვანო მერაბიშვილმა განაცხადა:
„ამ კანონს აპროტესტებდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომელთა წინააღმდეგ ეს კანონი მიიღეს. ჩვენი პარტია იყო პროტესტების ავანგარდში, რადგან ჩვენს პარტიას აქვს ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მობილიზაციის დიდი რესურსი. ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, ვითანამშრომლებთ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, უპირველესად, მათ ინტერესებს დავიცავთ და ჩვენ წამოვაყენებთ პირობას, რომ აუცილებლად გაუქმდეს ეს კანონი. დარწმუნებული ვარ, პროტესტი ამით არ დასრულდება. მთავრობა დათმობებზე არ წავა. დარწმუნებული ვარ, რადგან ივანიშვილი სწავლობს პუტინისგან, ხოლო პუტინი არასდროს მიდის დათმობებზე საზოგადოებრივი აზრის წინაშე.
მათ შესანიშნავად ესმოდათ, რომ ეს კანონი გამოიწვევდა პროტესტს, თუმცა მაინც არ დაიხიეს უკან. დამიჯერეთ, ეს კანონი მათ არაფერს მისცემს. ამ კანონმა რუსეთში პუტინს რაღაც მაინც მისცა, საქართველოში ეს კანონი მთავრობას არაფერს მისცემს. არ ვამბობ, რომ ჩვენ მეტი დემოკრატია, მეტი თავისუფლება გვაქვს. უბრალოდ, ჩვენ გვაქვს ისეთი გარემოებები, რომ არავისთვისაა პრობლემა, გახდეს „აგენტი“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
მერაბიშვილის განცხადებით, საქართველოში არ არის „ცოდვა“, იყო პროდასავლელი, ამერიკელების მეგობარი. პირიქით – ეს არის პრესტიჟი“.
„დიდი ალბათობით, ეს არის სწორედ მოსკოვის დავალება“. ამ კანონის მიღების შემდეგ საქართველოსთვის ცივილიზებული ევროპის ყველა კარი დაიხურება“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
ამასთან, როგორც ვანო მერაბიშვილმა აღნიშნა, გეგმას ათანხმებენ ადამიანებთან, რომელთა ინტერესებსაც ეხება მიტინგი.
„ჩვენ გვაქვს მკაფიო გეგმა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ ვათანხმებთ ჩვენს გეგმებს იმ ადამიანებთან, რომელთა ინტერესებს ეხება ეს კანონი. ჩვენ გვაქვს გეგმა. ჩვენი გეგმაა საქართველოს გათავისუფლება ივანიშვილისგან და საქართველოს დაბრუნება ევროპულ ოჯახში. ჩვენი გეგმაა გავხდეთ უკრაინის მეგობარი და ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება პუტინზე, რადგან პუტინის დასასრული არის რუსეთის გათავისუფლება, უკრაინის გათავისუფლება, საქართველოს გათავისუფლება, ბელარუსის გათავისუფლება და ასე შემდეგ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ წლის განმავლობაში პუტინის პრობლემა გადაიჭრება. მე ოპტიმისტს მიწოდებენ, თუმცა დამიჯერეთ, პუტინი ვერ გაუძლებს ამდენს, რა საზოგადოებრივი განწყობაც უნდა იყოს რუსეთში“.
შეკითხვაზე, არის თუ არა ამჟამინდელი პროტესტის ერთ-ერთი ლოზუნგი – „თავისუფლება სააკაშვილს“, მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ მათი პარტია პირველ საკითხად აყენებს სააკაშვილის გათავისუფლებას.
„ჩვენი პარტია პირველ საკითხად აყენებს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ამ მიტინგის მიღწეული ერთ-ერთი მიზანი იქნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. უნდა გესმოდეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ნახევარ საათში ივანიშვილის რეჟიმის დასასრულს ნიშნავს. სწორედ ამიტომ ივანიშვილს ამ დრომდე ჰყავს დაპატიმრებული სააკაშვილი“, – განაცხადა მერაბიშვილმა.
შეკითხვაზე: „ხომ არ მოგსვლიათ აზრად იმ საავადმყოფოს ბასტილიის ციხესავით აღება, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება“, მერაბიშვილი პასუხობს:
„თქვენ დაინახეთ, რომ გუშინ პარლამენტთან ხალხი უბრალოდ იდგა და მათ წინააღმდეგ გამოიყენეს ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი. ზუსტად იგივე მოხდება საავადმყოფოსთან, რადგან როგორც კი წავიყვანთ იქით ხალხს, ხელისუფლება იქით გადაისვრის ძალებს. სად იქნება ეპიცენტრი, ახლა ეს ძალიან მნიშვნელოვანი არ არის, რადგან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ჩვენი პირველადი ამოცანაა. ამ დრომდე ამას დიპლომატიური მეთოდებით ვცდილობდით. ამჟამად ამერიკაში ჩვენ ძალიან სერიოზული მიღწევები გვაქვს ამ მიმართულებით. არ არის მნიშვნელოვანი, სად გაირღვევა პოლიციის „კორდონი“ – პარლამენტთან თუ საავადმყოფოსთან. კორდონის ნებისმიერი „გარღვევა“ არის სააკაშვილის და მთელი საქართველოს გათავისუფლება“.
კიდევ ერთ შეკითხვაზე: „შესაძლებელია თუ არა თბილისური მაიდანი“, მერაბიშვილი პასუხობს:
„არაფერს გამოვრიცხავ. ახლა არ ვიცი ზუსტად, ეს იქნება დღეს, ხვალ თუ ზეგ, მაგრამ ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ამ რეჟიმის დღეები დათვლილია. ხდება ისე, რომ პროფესიონალ პოლიტიკოსს აქვს პირადი გრძნობები. მას ესმის, გრძნობს, რომ რაღაც მოხდება. როდესაც ვუყურებ, რა ხდება თბილისის ქუჩებში, რა ხდება სოციალურ ქსელებში, ვხვდები, რომ გუშინდელის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა საქართველოში“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.