ვანო ჩხარტიშვილი - ადეიშვილმა მითხრა, ნოღაიდელის წინააღმდეგ მიმეცა ჩვენება, თორემ საქმეს აღმიძრავდნენ
7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენი და ყოფილი დეპუტატი ვანო ჩხარტიშვილი დაკითხეს.
„სააკაშვილს ჰქონდა სურვილი, რომ „იმედის“ სრულად კონტროლი მოეხდინა, ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი სარედაქციო პოლიტიკა გატარებულიყო. აქტივების გაცვლაზეც იყო საუბარი“, – განაცხადა ვანო ჩხარტიშვილმა.
ბიზნესმენის განცხადებით, ქორწინების სასახლეში შედგა შეხვედრა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია, ეროსი კიწმარიშვილი, ბადრი პატარკაციშვილი და თავად ვანო ჩხარტიშვილი ესწრებოდნენ.
მისი განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი იყო „ტელეიმედზეც“. ასევე, ჩხარტიშვილის განცხადებით, სააკაშვილის გზავნილი იყო, რომ ერთიანი სარედაქციო პოლიტიკა უნდა ჩამოყალიბებულიყო.
ბიზნესმენმა ისაუბრა ტელეკომპანია „მზის“ საკითხით ყოფილი ხელისუფლების მხრიდან დაინტერესებაზეც.
„2004-2005 წლებში ჩვენ შეხვედრები გვქონდა სააკაშვილთან. მე მაშინ დეპუტატი ვიყავი. ტელეკომპანია „მზესთან“ დაკავშირებით მთავარი გაუგებრობები მაშინ დაიწყო, როდესაც ტელეკომპანია „მზეზე“ პოლიტიკური თოქშოუები გაჩნდა“, – განაცხადა ვანო ჩხარტიშვილმა.
კითხვაზე, სად შედგა ეს შეხვედრა, ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტს სახელმწიფო კანცელარიაში ესაუბრა.
ჩხარტიშვილის თქმით, ტელეკომპანია „მზე“ მას იძულებით დაათმობინეს. მისივე თქმით, ქვეყანა 2010 წელს იმის გამო დატოვა, რომ იდევნებოდა.
„ადეიშვილმა მის კაბინეტში მითხრა, რომ ნოღაიდელის წინააღმდეგ მიმეცა ჩვენება, თორემ მეორე დილით ჩემ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავდნენ. მე ადეიშვილის კაბინეტიდანვე წავედი და ქვეყანა დავტოვე“, – განაცხადა ჩხარტიშვილმა.
ამასთან, ვანო ჩხარტიშვილის განცხადებით, ბობოყვათში შეხვედრის დროს სააკაშვილი საუბრობდა, რომ პატარკაციშვილს ჩამოართმევდა ყველა ქონებას თუ „ტელეიმედს“ სახელმწიფოს არ გადასცემდა.
საქმეზე პროკურატურამ ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილს, დავით კეზერაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს წარუდგინა. გამოძიება მათ უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.