მამუკა ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილთან და ვანო ჩხარტიშვილთან შეხვედრაზე ისაუბრა
მამუკა ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილთან და ვანო ჩხარტიშვილთან შეხვედრაზე ისაუბრა

2003 წელს „ნაციონალებს” ხმა მივეცი, რადგან მინდოდა ქვეყანაში რაღაც ცვლილება ყოფილიყო და 2003 წელს სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ჩემს წინააღმდეგ. სამი წლის განმავლობაში პროკურატურაში დამატარებდნენ. თუ ის არის პრივილეგია, რომ მათი მმართველობის ბოლოს ქონებას მართმევდნენ და პროკურატურაში შუშის სპეციალური ოთახები რომ არის, იქ მკითხავდნენ, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ ლიდერმა, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ხაზარაძის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს ბიზნესს ატერორებდნენ ფულის ამოღების მიზნით, დღეს კი, არსებობს ბიზნესის კონტროლის თემა.

„ჩვენ ვიცით ის ტერორი, რაც ბიზნესებს ქონდათ იმ პერიოდში. დღევანდელმა ხელისუფლებამ გადმოიბარა ის სტრუქტურები და დღეს ჩვენზე, ამ შეთხვევაში, შეტევას ახორციელებს ერთი წლის განმავლობაში. არ მქონია მსგავსი ორკესტრირებული შეტევა წინა ხელისუფლების დროს. ეს არის სამიზნე და მიხედეთ, ბიჭებო, – ასეთი ნარატივია. იმ ხელისუფლებას ფული ჭირდებოდა, დატერორება ემსახურებოდა ფულის ამოღებას, სხვადასხა ფონდებში გადარიცხვას – თუ ბევრს გაახურებ, დაისჯები. დღეს აღარ არის ფულის ამოღების თემა, დღეს არის კონტროლის თემა. როგორც კი თავისუფალი ბიზნესი გაიზრდება რაღაც ზომის შემდეგ, ამ ხელისუფლებას აღარ აწყობს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ამასთან, მამუკა ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილთან და ვანო ჩხარტიშვილთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

„დავიწყებ იმით, რომ ჩვენი შიდა საუბარი გარეთ მე არ გამომიტანია. მე პატივს ვცემ ჯენტლმენურ მოლაპარაკებასაც, ოთახში მოლაპარაკებასაც. ეს გარეთ გამოიტანა ბიძინა ივანიშვილმა, რახან მან გამოიტანა, ამაზე მე არ ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას, რომ ამაზე ახლა მე ვლაპარაკობ.

მოგიყვებით რა იყო ეს თემა. არსებობს ასეთი პერსონა, მიჭირს მას ბიზნესმენი დავუძახო, რომელმაც ძალიან მოკლე ხანში ჩვენი ბანკის წინააღმდეგ აღძრა საქმე და დაიწყო სამართლებრივი დავა. ეს იყო ჩხარტიშვილი. ის „თიბისი ბანკს“ სთხოვდა 30 მილიონ დოლარს. ეს იყო აბსოლუტურად აბსურდული თემა. ჩვენ დავიწყეთ თავის დაცვა ლეგალურად, ჩვენი შიდა იურისტები ჩაერთვნენ. აღმოვაჩინეთ, რომ მას ანალოგიური საქმეები აღძრული ჰქონდა სხვადასხვა მსხვილი კომპანიების მიმართ. ყველა ეს საქმე ხდებოდა ერთ მოსამართლესთან და ყველა ცხვებოდა როგორც იმერული ხაჭაპური, მისი მოგებით. როდესაც საკონსტიტუციოში შევიტანეთ სარჩელი, მაშინ გერმანიაში ვიყავი და ივანიშვილმა დამირეკა. მარწმუნებდა, რომ სასამართლოში არ უნდა მომხდარიყო ამის გარჩევა. ვეუბნებოდი, რომ ამას ვერ გავაკეთებდი და ვეუბნებოდი, რომ მე ვარ ბანკის ერთ-ერთი აქციონერი და თავმჯდომარე, მაგრამ 100%-იანი წილის მფლობელი არ ვარმეთქი. მარწმუნებდა, რომ სარჩელი გამოიტანეთ, მოილაპარაკეთ და კომპრომისი გამონახეთო.

მისი მხრიდან დაძალება არ ყოფილა, ძალიან მეგობრული საუბარი იყო. ისიც კი მითხრა, რომ ჩემს შვილებსაც არ დავაძალებ რამესო. ამის შემდეგ დავურეკე ჩემს უცხოელ პარტნიორებს, დავარწმუნე ისინი და გამოვიტანეთ სარჩელი.

ამის შემდეგ ხდება შეხვედრა სოლოლაკში. შეხვედრას ჩვენი მხრიდან მე და ბადრი ჯაფარიძე ვესწრებოდით, ასევე ესწრებოდნენ ვანო ჩხარტიშვილი,  ბიზნესმენი ფიფია და ბიძინა ივანიშვილი. საოცრება იცით რა არის? შეხვედრას ასევე ესწრებოდა მაშინდელი გენერალური პროკურორი შოთაძე.

თბილისში გავიზარდე, ბავშვობაში გვიჩხუბია, უფროსს მივუყვანივართ და შევურიგებივართ, მაგრამ მილიციელი იქ არ მოუყვანიათ. პატარა სასამართლო ამბავში მოვხვდი, სადაც ივანიშვილი იყო მოსამართლეც, უზენაესის თავმჯდომარეც, საკონსტიტუციოს თავმჯდომარეც. კიდევ კარგი, რომ შოთაძე იჯდა იქ. დისკუსია რომ წავიდა და ვუთხარით, გაგვარკვიეთ, რასთან გვაქვს საქმე, რამდენიმე ხნის შემდეგ მან ჩაიჩურჩულა, რომ ამ საქმეში ვერ ხედავდა რაიმე ისეთს, რის გამოც ვიქნებოდით შერიგებული.

შეხვედრიდან შოკირებული გამოვედი. ივანიშვილი იყო პატარა სახელმწიფო პრაქტიკულად, რომელიც საქმეს არჩევდა. გვერდზე უზის პროკურორი და საქმეს არჩევს. თუ საქმეს არჩევ, მაშინ პროკურორი რაღაში გჭირდება?! ვიყავით პროკურატურაშიც და სასამართლოშიც. ზრდილობა არ მეშლება და არც მადლობის თქმა, როცა ივანიშვილი ამბობს, რომ მადლობაც კი არ გადამიხადაო. ალბათ ის იგულისხმა, რომ რაღაცა მაინც რატომ არ გადავიხადეთ. ვისთვის? არ ვიცი, ალბათ ჩხარტიშვილისთვის”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ამასთან, ხაზარაძის თქმით, ივანიშვილის უფასებს იმ ღვაწლს, რაც ქვეყნის წინაშე აქვს გაკეთებული.

„არავის ეგონოს, ივანიშვილს არ ვუფასებ იმ ღვაწლს, რაც მას ქვეყნის შინაშე აქვს გაკეთებული. მთელი სერიოზულობით ვლაპარაკობ, უმადურობა ცუდი რამეა.  ამ კაცს ძალიან ბევრი რამე აქვს გაკეთებული, თუმცა რა სისტემაც მან შექმნა, ეს მიუღებელია“,- აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

დატოვე კომენტარი