ადვოკატი - „ტელეიმედში“ სპეცრაზმის შეჭრის დროს ერეკლე კოდუა სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, ოჯახის წევრის გამო მივიდა 
ადვოკატი - „ტელეიმედში“ სპეცრაზმის შეჭრის დროს ერეკლე კოდუა სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, ოჯახის წევრის გამო მივიდა 

კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, ერეკლე კოდუას ადვოკატი გიორგი სიბაშვილი აცხადებს, რომ „ტელეიმედში“  სპეცრაზმის შეჭრის დროს ერეკლე კოდუა სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა და ტელევიზიაში ოჯახის წევრის, ნანუკა ჟორჟოლიანის გამო მივიდა.

როგორც ადვოკატი გიორგი სიბაშვილი აცხადებს, ტელეიმედში შესვლის დროს ერეკლე კოდუა რომ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, ამისი მტკიცებულებები არ არსებობს.

„ერეკლე კოდუა „ტელეიმედში“ იმყოფებოდა, რადგან მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ იქ მოხდა სპეცრაზმის შეჭრა. ტელევიზიაში მუშაობდა მისი ოჯახის წევრიც. ლოგიკურია, მას გაუჩნდებოდა სურვილი, ადგილზე მისულიყო და ენახა, რა ხდებოდა“,-  განაცხადა ადვოკატმა.

კითხვაზე, კოდუას ოჯახის რომელი წევრი მუშაობდა „ტელეიმედში“, ადვოკატმა აღნიშნა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი.

„კოდუა „იმედში“ მივიდა მაშინ, როცა იქ სპეცრაზმი უკვე შეჭრილი იყო. კოდუა „იმედში“ იყო, რადგან ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე აინტერესებდა, იქ რა ხდებოდა და სიტუაცია უნდა განემუხტა“, – აღნიშნა ადვოკატმა.

მისივე თქმით, სპეცოპერაციას რომ კოდუა ხელმძღვანელობდა, ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არც წინასწარ გამოძიებას აქვს და არც ერთ მოწმეს არ უთქვამს მსგავსი რამ.

ადვოკატის განცხადებით, კოდუა ამჟამად ევროპაში იმყოფება და თავს დამნაშავედ არ ცნობს.

„დავკითხეთ არაერთი მოწმე, მათ შორის სპეცრაზმელები, ჟურნალისტები. დღეს გიორგი თარგამაძემ  საკმაოდ ვრცლად, ქრონოლოგიურად და თანმიმდევრულად მოყვა ყველა დეტალი. თარგამაძემაც დაადასტურა, რომ არანაირ იარაღის მუქარასა და ძალადობას ერეკლე კოდუას მხრიდან ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან, ტელეკომპანია „იმედის“ საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების მაშინდელი დირექტორის, გიორგი თარგამაძის ინფორმაციით, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი იმ პერიოდში ტელეკომპანია „იმედში“ არ მუშაობდა და არც რომელიმე გადაცემაში ყოფილა მიწვეული სტუმარად.