ვალეტას ოფიციალური გვერდი - ძარიამ კონტრაქტი გააფორმა
ვალეტას ოფიციალური გვერდი - ძარიამ კონტრაქტი გააფორმა
მალტის ჩემპიონმა „ვალეტამ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ირაკლი ძარიასთან ხელშეკრულება გააფორმა.
 
„გუნდი განაგრძობს შემადგენლობის გაძლიერებას. ბოლო სიახლე ქართველ ნახევარმცველ ირაკლი ძარიასთან გაფორმებული კონტრაქტია. ირაკლიმ დიდი გამოცდილება მიიღო, როგორც თავის ქვეყანაში, სადაც მან ადგილობრივი ლიგის გათამაშება და საქართველოს თასი 2-2-ჯერ მოიგო, ხოლო ალბანეთში ქვეყნის თასს დაეუფლა. ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის განმავლობაში ძარია „ვალეტას“ მეოთხე ახალწვეულია. კლუბი მიესალმება ირაკლის და ჩვენს გუნდში ყოფნის დროს წარმატებებს უსურვებს“ – წერია „ვალეტას“ ოფიციალურ გვერდზე.
მალტური კლუბის ცნობაში კონტრაქტის ხანგრძლივობა მითითებუყლი არ იყო. ირაკლი ძარიამ საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, რომ ხელშეკრულება ერთ წელზეა გათვლილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებში ნათამაშებმა ოცდაათი წლის ნახევარმცველმა კარიერა ფოთის „კოლხეთი 1913“-ში დაიწყო. გამოდიოდა „თბილისში“, „ზესტაფონში“, თბილისის „დინამოში“, გორის „დილაში“, ბოლნისის „სიონში“, ხოლო 2018 წელს ალბანეთის „კუკეშში“ გადავიდა.