ირაკლი ძარია - „დინამოსთან“ წაგებას გამართლება არ აქვს #1TVSPORT
ირაკლი ძარია - „დინამოსთან“ წაგებას გამართლება არ აქვს #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ ნახევარმცველმა ირაკლი ძარიამ გუნდის გულშემატკივრებს მიმართა და ეროვნული ლიგის პირველ ტურში პრინციპულ მეტოქესთან, „დინამო თბილისთან“ 0:4 წაგებისთვის ბოდიში მოიხადა.

„მოგესალმებით ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივრებო. ის, რაც გუშინ „დინამო არენაზე“ მოხდა, გამართლება არ აქვს, თითოეული ფეხბურთელი ვიღებთ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას, ყველა ფეხბურთელს ბოლომდე გათავისებული გვაქვს რა გუნდში ვთამაშობთ და რა მაისურს ვატარებთ, ყველაფერი ხდება ფეხბურთში და ესე მოხდა გუშინდელ თამაშზეც, ყველანაირი კრიტიკა მისაღებია“, – მიმართა ირაკლი ძარიამ ქუთაისელ ქომაგებს.

თუმცა, საქართველოს ნაკრებში ნათამაშები ნახევარმცველი იმედოვნებს, რომ გუნდი შემდეგ შეხვედრაში გულშემატკივრების წინაშე სხვაგვარად წარსდგება.

„ყურების ჩამოყრის დრო არაა, პირიქით ყველა ერთად უნდა დავდგეთ ისე, როგორც აქამდე ვიყავით. ბევრი სირთულე გამოგვივლია და ერთად დგომით დაგვიძლევია. მჯერა, რომ ყველაფერი გამოსწორდება და დავდგებით იმ სიმაღლეზე, რომელზეც ნებისმიერი ჩვენგანი ოცნებობს, ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ რომ ჩვენ „ტორპედო“ ვართ“, – წერს ძარია.