ირაკლი ძარია - „ტორპედო“ ასეთ მდგომარეობაში არ უნდა იყოს, სპონსორის მოსვლას მოუთმენლად ველით და მჯერა, ვითარება რამდენიმე დღეში დალაგდება #1TVSPORT
ირაკლი ძარია - „ტორპედო“ ასეთ მდგომარეობაში არ უნდა იყოს, სპონსორის მოსვლას მოუთმენლად ველით და მჯერა, ვითარება რამდენიმე დღეში დალაგდება #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელებმა კომენტარი გააკეთეს გუნდში არსებულ ვითარებაზე და გადაწყვეტილებაზე, რომ ეროვნული ლიგის 21-ე ტურის მატჩში, „საბურთალოსთან“ არ ითამაშებენ, სადაც მათ ნაცვლად მოედანზე ქუთაისელთა მეორე გუნდის, ასევე 19 და 17-წლამდელთა გუნდი ფეხბურთელებით იასპარეზებენ.

ვაჟა ტაბატაძე, გუნდის კაპიტანი: „ყოველდღე ველოდებოდით, რომ ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, მაგრამ აქამდე ისე მოვედით, არავინ არაფერი არ ვიცით და არავინ არაფერს გვეუბნება. იყო დაპირებები, რომ 2 დღეში, 3 დღეში ან კვირაში ყველაფერი გადაწყდებოდა. ამ ყველაფერს დასასრული არ უჩანს და დიდი ხანია, ხელფასები არ აგვიღია. ამის მიუხედავად, მოედანზე გამოვდიოდით და მაქსიმუმს ვაკეთებდით, მაგრამ ყველას პრობლემა დაუგროვდა და იმედია, ამ ყველაფერს სერიოზულად მიუდგება ქალაქის ხელმძღვანელობა და ყველა ის ადამიანი, ვისაც ეს ეხება და ვინც კლუბის საკითხი უნდა გადაწყვიტოს. თუ არადა, უკვე დაიწერა, რომ ინკუმი წავიდა და ვისაც გუნდი გამოუჩნდება, ისიც ასევე მოიქცევა“.

ირაკლი ძარია: „ადრეც გვინდოდა, რომ თამაშზე არ გავსულიყავით, მაგრამ კახა ჩხეტიანის და ქუთაისელების გამო 3-4 მატჩი ჩავატარეთ. ახლა კი გადავწყვიტეთ, „საბურთალოსთან“ თამაშზე აღარ გავიდეთ, რადგან ვარჯიშისა და თამაშის ხალისი არავის აქვს. არა იმიტომ, რომ გუნდს სანქციები დაუწესდეს, არამედ იმიტომ, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალოს. ქუთაისის „ტორპედო“ რომ ასეთ მდგომარეობაში არ უნდა იყოს, ეს ყველამ იცის. საქართველოს ჩემპიონატს ძლიერი ქუთაისური გუნდი სჭირდება. ვნახოთ, ვითარება როგორ შეიცვლება. ვიცით, რომ დაინტერსებულია სპონსორი და მის მოსვლას მოუთმენლად ველით. მჯერა, ვითარება რამდენიმე დღეში დალაგდება, დაინტერესებული სპონსორი ჩამოვა და მისი მოსვლით ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. კახა ჩხეტიანი კი იმ გუნდს დააყენებს, რაც ამ ქალაქს ეკადრება“.

დინო ჰამზიჩი, მეკარე: „როდესაც უცხოელები ჩამოვედით, დაგვპირდნენ, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ყველა უცხოელს გვეგონა, რომ სტაბილური ვითარება იყო, მაგრამ დღეს ყველაფერი ძალიან შეცვლილია. 2-3 თვეა, ხელფასი არ მიგვიღია, რის გამოც ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. ძალიან რთული ვითარებაა. ვცდილობთ, თითოეულ მატჩში მაქსიმუმი გავაკეთოთ და გულშემატკივრებისთვის ვითამაშოთ. მწვრთნელმა გვითხრა, დაველოდოთ 3-4 დღე და შესაძლოა, ვითარება სასიკეთოდ შეიცვალოს. თუ ყველაფერი კარგად იქნება, რასაკვირველია, გუნდში დავრჩები, რადგან მიყვარს ჩვენი გულშემატკივრები, გუნდი, ქალაქი. იმედია, გამოვნახავთ შანსს, რომ დავრჩეთ აქ და ისევ ერთად ვითამაშოთ, რადგან „ტორპედო“ ვართ და გუნდი ამას იმსახურებს. მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება“.