ირაკლი ძარია - „ტორპედო“ ასეთ მდგომარეობას არ იმსახურებს
ირაკლი ძარია - „ტორპედო“ ასეთ მდგომარეობას არ იმსახურებს

ქუთაისის „ტორპედოს“ ნახევარმცველი ირაკლი ძარია იმედოვნებს, რომ გუნდი ფინანსურ პრობლემებს თავს დააღწევს და ქართულ ფეხბურთში თავის ადგილს დაიბრუნებს.

„ვისურვებდი, რომ ქუთაისის „ტორპედო“ დაბრუნდეს ისეთი ძლიერი, როგორიც იყო და როგორსაც მისი გულშემატკივარი ელის. ეს ხალხი ნამდვილად იმსახურებს, რომ „ტორპედო“ ძლიერი გუნდი იყოს. მთელი სეზონის განმავლობაში ყველა გუნდის გადარჩენას ცდილობდა და ეს შესაძლებელი გახდა. უამბიციო ქუთაისის „ტორპედო“ და მით უფრო, მისი არყოფნა, მთლიანად ქართულ ფეხბურთს დააზიანებს. საერთოდ, ქუთაისი ამ პოზიციაზე ყოფნას არ იმსახურებდა“, – ამბობს ძარია.

ირაკლი ძარიამ ჯერ არ იცის, კარიერას სად გააგრძელებს: „კონტრაქტი დამისრულდა. ქუთაისის „ტორპედო“ თანამშრომლობის გახანგრძლივებას თუ შემომთავაზებს, დავრჩები. ტრავმების გამო, ბევრი თამაში გამოვტოვე, მათ შორის, პლეი ოფიც და ამ გუნდთან ვალში ვარ – იმედია, 2020 წელს მაინც შევძლებ და „ტორპედოს“ დავეხმარები“.