ირაკლი ძარია - „ტირანა“ ბრძოლისუნარიანია, მაგრამ საქართველოს ჩემპიონის მჯერა
ირაკლი ძარია - „ტირანა“ ბრძოლისუნარიანია, მაგრამ საქართველოს ჩემპიონის მჯერა

თბილისის „დინამოს“ ყოფილი კაპიტანი ირაკლი ძარია მიიჩნევს, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანურ „ტირანასა“ და თბილისის „დინამოს“ შორის 19 აგვისტოს დანიშნულ დაპირისპირებაში შანსები თანაბარია.

„ერთი წელია, რაც ალბანეთიდან წამოვედი, მაგრამ მას შემდეგ „ტირანა“ დიდად არ შეცვლილა.ეს კარგი გუნდია, სამი კარგი ბრაზილიელი და არგენტინელი ლეგიონერი ყავს. 10 ნომერი წამყვანი ფეხბურთელი ჰასანი იყო, რომელიც თურქეთში გადავიდა, თუმცა არიან სხვა საინტერესო ფეხბურთელებიც,“ – ამბობს ირაკლი ძარია.

გამოცდილმა ნახევარმცველმა გუნდების შანსებზეც ილაპარაკა: „კარგია, რომ „დინამოს“ თამაში სახლში აქვს და ფრენა და ალბანეთთან შეგუება არ მოუწევს. ეგაა, გულშემატკივრის გარეშე ძალიან ცუდია. ალბანეთის ჩემპიონი ბრძოლისუნარიანი გუნდია და ჩემი აზრით, შანსები 50-50-ზეა. რთული თამაში იქნება, თუმცა, მჯერა გამარჯვება საქართველოს ჩემპიონს დარჩება,“ – ამბობს ირაკლი ძარია.

ირაკლი ძარია „დინამოში“ 2012–2015 წლებში გამოდიოდა და გუნდის კაპიტანი იყო (76 მატჩი, 9 გოლი). 30 წლის გამოცდილი ფეხბურთელი 2018–2019 წლებში ალბანეთში გადავიდა და „კუკეშში“ თამაშობდა. ამ ორი წლის განმავლობაში ალბანურ ფეხბურთზე ბევრიც გაიგო და მნიშვნელოვანი ინფორმაციაც დაუგროვდა.

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო“ ალბანურ „ტირანას“ თბილისში, „დინამო-არენაზე“ უმასპინძლებს. მატჩი 19 აგვისტოს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

დატოვე კომენტარი