ირაკლი ძარია - „ტორპედოსთვის“ უგულშემატკივროდ თამაში ძალიან ცუდია
ირაკლი ძარია - „ტორპედოსთვის“ უგულშემატკივროდ თამაში ძალიან ცუდია

ქუთასისის „ტორპედო“ ეროვნული ლიგის სეზონს კვირას, 28 ივნისს, საჩხერის „ჩიხურასთან“ საშინაო მატჩით განაახლებს.

ქუთაისელთა მზადების შესახებ ნახევარმცველმა ირაკლი ძარიამ ილაპარაკა.

„ყველამ კარგად იცის, რომ სეზონი არცთუ ისე სახარბიელოდ დავიწყეთ. გუნდი ახალი შეკრებილი იყო – მოსამზადებლად სულ რაღაც 10 დღე გვქონდა, ბიჭები შეუთამაშებლები ვიყავით და ჩემპიონატისთვის სრულ მზადყოფნაში ვერ შევხვდით. სწორედ ამან გამოიწვია, რომ და ორივე თამაში წავაგეთ. პანდემიის შემდეგ შევიკრიბეთ და სეზონისთვის მზადების ეს პერიოდი, ჩემი აზრით, ნაყოფიერად გამოვიყენეთ,“ – ამბობს ირაკლი ძარია.

ეროვნული ლიგის გუნდებმა სეზონს განახლებამდე, საკონტროლო მატჩები ვერ გამართეს, რადგან ამის უფლება არ ჰქონდათ. გამოცდილმა ნახევარმცველმა ამაზეც ილაპარაკა: „რთულია, როდესაც სეზონს ამხანაგური შეხვედრების გარეშე ვიწყებთ. თუმცა, ამხანაგურების ნაცვლად ერთმანეთში ვთამაშობდით და საჩხერეს „ჩიხურასთან“ მატჩს მომზადებულები ვხდებით. დარწმუნებული ვარ, ბრძოლა იქნება. ცუდი ისაა, რომ შეხვედრას გულშემატკივრის გარეშე ჩავატარებთ, მაგრამ ეს არაა მიზეზი, რომ ვერ მოვიგოთ“.