ირაკლი ძარია ბათუმის „დინამოს“ სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს #1TVSPORT
ირაკლი ძარია ბათუმის „დინამოს“ სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს #1TVSPORT

ირაკლი ძარია ბათუმის „დინამოს“ სამწვრთნელო სტაფში იმუშავებს – ინფორმაცია ახალგაზრდა სპეციალისტმა საქართველოს პირველ არხთან დაადასტურა.

„პირველ რიგში ვიტყვი, რომ ძალიან მოხარული ვარ ბათუმში გადასვლით. ეს ცოტა მოულოდნელიც იყო და ამ ნდობისთვის ძალიან დიდი მადლობა, მინდა, ვუთხრა ბათუმის „დინამოს“ ხელმძღვანელობას – აჩი ბერიძეს და ლადო დვალიშვილს, რადგან კარიერული განვითარების ძალიან კარგი შესაძლებლობა მომცეს. რაც შეეხება ანდრეი დემჩენკოს, უმაღლესი დონის მწვრთნელია და ძალიან მომწონს მისი ფილოსოფია, განსხვავებულია და ჩემთვის ძალიან საინტერესო. მასთან ერთად დამხვდა ირაკლი მოდებაძე. ჩვენ გუნდელები ვიყავით გორის „დილაში“ და „დინამო თბილისშიც“ და ყველანაირად მეხმარება. დარწმუნებული ვარ, ძალიან ლამაზ და სანახაობრივ ფეხბურთს ვითამაშებთ და ბათუმის „დინამოს“ გულშემატკივარს გავახარებთ. ასეთ გუნდში მოხვედრა მარტივი არაა და ძალიან გახარებული ვარ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ირაკლი ძარიამ.

35 წლის სპეციალისტი საქართველოს მოქმედ ჩემპიონთან ერთად თურქეთშია, სადაც გუნდი შეკრებაზე იმყოფება. შეგახსენებთ, რომ ძარიამ სამწვრთნელო კარიერა 2022 წელს ქუთაისის „ტორპედოში“ დაიწყო. 2023 წლის ივლისში კი ქობულეთის „შუქურას“ მწვრთნელის ასისტენტად დაინიშნა, მაგრამ გუნდი ერთ თვეში დატოვა.

ირაკლი ძარია თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე. საფეხბურთო კარიერა 2004 წელს, 15 წლის ასაკში ფოთის „კოლხეთი-1913“-ში დაიწყო. შემდეგ გადავიდა „ზესტაფონში“, ითამაშა ცხინვალის „სპარტაკში“, „დინამო თბილისში“, გორის „დილაში“, ბოლნისის „სიონში“, ალბანურ „კუკეშში“, მალტის „ვალეტაში“, ქუთაისის „ტორპედოში“.

ირაკლი ძარია იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრებების წევრი, ხოლო 2012-2014 წლებში ეროვნულ ნაკრებში იწვევდნენ, სადაც 9 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.