ვალერი გელაშვილი - ვანო მერაბიშვილმა თავხედური განცხადებები გააკეთა, რომ ხელისუფლებას დაამხობს, ეს მორიგი დანაშაულია, რაზეც პასუხი უნდა აგოს
ვანო მერაბიშვილი კრიმინალია, მან ააწიოკა ბიზნესი და მის მორალზე ნუ ვილაპარაკებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვალერი გელაშვილმა საქართველოს ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.
„ვანო მერაბიშვილი გამოვიდა და თავხედური განცხადებები გააკეთა, რომ ხელისუფლებას დაამხობს. ეს მორიგი დანაშაულია, რაზეც პასუხი უნდა აგოს. ეს განცხადება ყველამ მოისმინა და პროკურატურამ უნდა მიხედოს, რომ მან ასეთი თავხედური განცხადება არ უნდა გააკეთოს. ჯანდაბაში თავი ჰქონია, სადაც უნდა, იქ წავიდეს. ვანო მერაბიშვილი კრიმინალია, დამნაშავეა და მას მორალზე არ უნდა ველაპარაკოთ. მან ააწიოკა ბიზნესი და მის მორალზე ნუ ვილაპარაკებთ“, – განაცხადა ვალერი გელაშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დილით დატოვა. ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ, მერაბიშვილმა განაცხადა, რომ „დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, პოლიტპატიმრებისთვის ამ ციხის კარი ფართოდ გაიღება“.