ვაკის რაიონში, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სპორტული მოედნების აღდგენა-რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის, რაიონში ერთი საკალათბურთო და ოთხი კომბინირებული მოედნის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
მერიაში აცხადებენ, რომ პროექტი ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
„ვაჟა-ფშაველას III კვარტლის N10-15 კორპუსების მიმდებარედ კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები მოეწყობა, ნუცუბიძის IV მიკრორაიონის N22 კორპუსის, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის N2-3 კორპუსების და ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ კი, ფეხბურთის მოედნები განახლდება.
სამუშაოების შედეგად, დაიგება სპეციალური საფარი, ასევე ღობეები, ფეხბურთის კარები და კალათბურთის ფარები დამონტაჟდება.
სპორტული მოედნების აღდგენა-რეაბილიტაციის ღირებულება 423 000 ლარს შეადგენს“,- აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.