ყველაზე დიდი სპორტული კომპლექსი საქართველოში - „ახალი თბილისის“ ტერიტორიაზე მოედნების მოწყობა დასრულდა
ყველაზე დიდი სპორტული კომპლექსი საქართველოში - „ახალი თბილისის“ ტერიტორიაზე მოედნების მოწყობა დასრულდა

დიდ დიღომში, ოლიმპიური ქალაქის „ახალი თბილისის” ტერიტორიაზე საფეხბურთო და სარაგბო მოედნების მოწყობა დასრულდა და სპორტული კომპლექსი გუნდების მისაღებად მზადაა.

ეს არის ყველაზე დიდი კომპლექსი, რომელიც საქართველოში აშენებულა; ტერიტორიაზე განთავსდა შვიდი მოედანი და ყველა მათგანი სტანდარტული ზომისაა. მათგან ოთხი ბუნებრივსაფარიანია, სამი – ხელოვნურსაფარიანი. სამ მოედანთან 200 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნებიც მოაწყვეს.

სპორტული კომპლექსის მშენებლობა 2016 წლის სექტემბერში დაიწყო. აღსანიშნავია, რომ უეფა-ს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ალექსანდრ ჩეფერინიმ პირველი ვიზიტი საქართველოში დაგეგმა და ფუნდამენტში სიმბოლური კაფსულა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილთან და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად ჩაუშვა.

ოლიმპიური კომპლექსის აშენება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში შემუშავებული სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ნაწილია.

დიდი დიღმის მოედნებზე ვარჯიშის სურვილი ეროვნული ლიგის გუნდებმა და და საფეხბურთო სკოლებმა გამოთქვეს, რადგან თბილისში საფეხბურთო მოედნების დეფიციტის გამო, გუნდებს ნორმალურ პირობებში ვარჯიშის პრობლემა აქვთ.