ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტი დაიკითხება
ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე ბრალდების მოწმეთა დაკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება.
როგორც პროცესის დაწყებამდე პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა, საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტი დღეს დაადასტურებს, რომ პროექტში და მასში შეტანილ ცვლილებებში უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო.
„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაიკითხება საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტი. აღნიშნულმა ექსპერტმა შეისწავლა საქმეზე წარდგენილი როგორც ძირითადი პროექტი, ისე პროექტში ცვლილება. ამ ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ პროექტში და პროექტის ცვლილებებში არ იყო დაცული უსაფრთხოების ნორმები. კერძოდ, არ იყო გათვალისწინებული გამორთვის რელე და ასევე ძრავების დახურვის წესი არ იყო სათანადოდ აღწერილი.
მოწმე ისაუბრებს ექსპერტიზის დასკვნის ირგვლივ და დადასტურდება, რომ ეს მოთხოვნები დარღვეული იყო”, – განაცხადა ტყეშელაშვილმა.
ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, ექსპერტთან შეკითხვები ექნებათ, დემონტაჟმა ხომ არ გამოიწვია ცხაურის დაზიანება.
როგორც ადვოკატმა პროცესის დაწყებამდე აღნიშნა, დღეს წარადგენენ ექსპერტიზის ახალ დასკვნას, რომლითაც დასტურდება, რომ შესრულებული სამუშაოები პროექტთან შესაბამისობაში იყო.