საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკის საქმეზე სხდომა მიმდინარეობს
საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკის საქმეზე სხდომა მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკის საქმეზე სხდომა მიმდინარეობს. განსასჯელების ადვოკატები სასამართლოში შესავალ სიტყვას ამბობენ.

როგორც „გრინსერვის პლუსის“ დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა განაცხადა, პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ბრალდება და არგუმენტაცია ურთიერთსაწინააღმდეგოა.

ადვოკატი აცხადებს, რომ თავად ბრალდების მხარეც ვერ გარკვეულა, ლაშა ფურცხვანიძისთვის წარდგენილი ოთხი მუხლიდან რომელმა გამოიწვია ტრაგედია.

„ექსპერტიზა გვაქვს, რომელიც გამორიცხავს, რომ თითქოს 22 სექტემბერს რაღაც მოხდა, რამაც გამოიწვია ტრაგედია. შეუსაბამობა არ ყოფილა შესრულებულ სამუშაოებსა და პროექტს შორის. ჩვენი მოთხოვნა იყო, დაკითხულიყო შადრევნის მწარმოებელი ქარხნის ინჟინერი. ყველაფერი გააკეთა ბრალდების მხარემ, რომ ეს ადამიანი არ დაკითხულიყო. პროკურატურას არ აინტერესებს სიმართლის დადგენა.

ჩვენი მწირი რესურსების გამო ამ მოწმის გამოკითხვა ვერ შევძელით”, – განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ დამატებით სამუშაოებზე ფურცხვანიძემ ექსპერტიზა ვერ მოასწრო.

„ოთხი თვე მოანდომა პროკურატურამ ექსპერტიზას და ლაშა ფურცხვანიძეს ედავებიან, სამ კვირაში რატომ არ ჩაატარა ექსპერტიზა. დრო არ იყო დამდგარი და მიუხედავად ამისა, შევიდა ექსპლუატაციაში. ლაშა ფურცხვანიძე შადრევნის ექსპლუატაციაში შესვლაზე არაფერ შუაშია, ეს მისი მოვალეობა არ ყოფილა”, – განაცხადა ჩოფიკაშვილმა.

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, გიორგი ვახტანგაშვილის ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის არანაირი პასუხისმგებლობა ამ საქმეში არ იკვეთება.

„პროკურატურა ედავება სამსახურებრივ გულგრილობას, თითქოს ექსპერტიზის დასკვნის მოთხოვნის ვალდებულება ჰქონდა. არ ჩაუბარებია დასრულებული სამუშაოები, მონაწილე მხარედაც კი არ ფიქსირდება, არც მიღება-ჩაბარების აქტზე და არც ხელშეკრულებაზე. ხელშეკრულებაზე სამსახურის უფროსის ხელმოწერაა. ჩაბარებაზე კი – სპეციალისტების”, – განაცხადა ლაშა ცუცქირიძემ.

საქმის პროკურორის, არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, ედავებიან ლაშა ფურცხვანიძეს ბოლო ეპიზოდზეც, როდესაც დამატებით სამუშაოების შესრულების სავალდებულო ექსპერტიზა არ ჩაატარა მილების შეფუთვის შემდეგ.

„დიდი დრო არ სჭირდებოდა ამის ექსპერტიზას. ჩვენს ექსპერტიზას რომ ადარებენ, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ კომპლექსურად ჩაატარა ექსპერტიზა და მთლიან სამუშაოებს ეხებოდა. „გრინსერვისის“ ჩასატარებელს ამდენი დრო არ დასჭირდებოდა. რა დროც არ უნდა დასჭირვებოდა, უნდა ჩაეტარებინათ ექსპერტიზა”, – განაცხადა პროკურორმა.