ვაკის პარკის საქმეზე მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილს - სამწლიანი პატიმრობა, ექსპერტ ვახტანგ ლონდარიძეს კი ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ვაკის პარკის საქმეზე მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილს - სამწლიანი პატიმრობა, ექსპერტ ვახტანგ ლონდარიძეს კი ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებულ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილს სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ გიგა გიგაშვილი დამნაშავედ ცნო სამსახურებრივ გულგრილობაში.

ამავე საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს, ექსპერტს, მშენებლობა-დიზაინის სპეციალისტს, ვახტანგ ლონდარიძეს ერთი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა. მას ექსპერტიზის ყალბი დასკვნის დამზადება-გამოყენებაში ედება ბრალი.

მოსამართლემ დაადგინა იურიდიული პირების, მათ შორის, „გრინსერვის პლუსის“ კანონდარღვევებიც და ჯარიმა ბიუჯეტის სასარგებლოდ დააკისრა.

2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში თამაშის დროს ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღებისას სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგონა, მარიტა მეფარიშვილი კლინიკაში გარდაიცვალა, ორი მოზარდი კი დაშავდა.