ვახუშტი მენაბდე - მოვითხოვთ სახელმწიფოსგან, აიღოს სოციალური პასუხისმგებლობა და არ მიითვალოს მსხვერპლის სტატისტიკა
მოვითხოვთ სახელმწიფოსგან, აიღოს სოციალური პასუხისმგებლობა და არ მიითვალოს მსხვერპლის სტატისტიკა, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ ვაკის პოლიციის შენობის დატოვების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს და ჯერ უცნობია, როდის დაინიშნება სასამართლო სხდომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განხილვაზე.
„ვფიქრობ, ყველამ ნახა ჩემი დაკავების კადრები და სასამართლოში გაგრძელდება ეს საქმე, მაგრამ ერთი რამ მინდა, რომ ვთქვა – სახელმწიფო ვერ დაიცავს მკვლელებს და კედელი ვერ დამალავს დანაშაულის ადგილს. ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველდღიურად ადამიანები სამსახურში იხოცებიან. ეს ხდება იმიტომ, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია ნება, დაიცვას ისინი და უზრუნველყოს მათი ღირსეული და უსაფრთხო შრომის პირობები. ჩვენ ამას ვაპროტესტებთ და მოვითხოვთ სახელმწიფოსგან, რომ აიღოს სოციალური პასუხისმგებლობა და არ მიითვალოს მსხვერპლის სტატისტიკა“, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.
კითხვაზე, როგორ აფასებს აქციაზე მისი და კიდევ ხუთი ადამიანის დაკავებას, ვახუშტი მენაბდემ აღნიშნა, რომ ისინი გამოხატავდნენ საკუთარ აზრს და პროტესტს.
„ამ ქვეყანაშ ყველას აქვს უფლება, რომ გამოხატოს საკუთარი პასუხისმგებლობა. ჩვენ ამას გავაგრძელებთ, თუნდაც ამისთვის დაგვჭირდეს ყველა იმ პროცედურის გავლა, რაც გავიარეთ და უფრო მეტისაც“, – აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ.
ჭავჭავაძის გამზირზე, აქციაზე დაკავებული ექვსივე ადამიანი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. აქცია შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით გაიმართა. დემონსტრანტები იმ ადგილას მივიდნენ, სადაც 31 მარტს სამშენებლო სამუშაოებზე ორი მუშა დაიღუპა. მოგვიანებით აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა, რასაც ექვსი პირის დაკავება მოჰყვა.